ევროპა ხედავს საქართველოს ხელისუფლების სუპერ უპასუხისმგებლო, რუსული ინტერესების შესაბამის პოლიტიკას - უსუფაშვილი
2 დღე ისტორიულ ვერდიქტამდე - „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი, დავით უსუფაშვილი ფიქრობს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს დათქმებით მიიღებს.
მისი თქმით, ეს დათქმები ქვეყანამ უნდა გამოიყენოს, როგორც ის 12 რეკომენდაცია უნდა გამოეყენებინა, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს მისცა.
მისი თქმით, ევროპა კარგად ხედავს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება "სუპერ უპასუხისმგებლოა", თუმცა იმასაც კარგად ამჩნევენ, რომ რამდენად დიდია ქართველი ხალხის მისწრაფება, გახდეს ევროკავშირის წევრი.
"ევროპა ხედავს საქართველოს ხელისუფლების სუპერ ეროგანტულ, სუპერ უპასუხისმგებლო, სუპერ რუსული ინტერესების შესაბამის პოლიტიკას, ევროპა ხედავს ქართველი ხალხის მისწრაფებას ევროინტეგრაციისკენ, ქართველი პოლიტიკური სპექტრის უდიდესი ნაწილის მზაობას რომ უახლოესი არჩევნების შემდგომ ორ კვირაშივე ჩვენ ყველა პირობა შევასრულოთ, რაც 12 პუნქტიდან ვერ შესრულდა და რაც კიდევ იქნება.
ევროკავშირისთვის იმ ტიპის ხელისუფლება, რომელიც საქართველოშია, ვერ და არ იქნება საიმედო პარტნიორი, ვისთანაც სერიოზულ, გრძელვადიან თემებზე შეიძლება საუბარი"- ამბობს უსუფაშვილი.
რვა ნოემბერს ევროკომისია საქართველოს შესახებ მომზადებულ დასკვნას დადებს. "პირველების" ინფორმაციით, დოკუმენტი დაახლოებით 100 გვერდიანი იქნება, და მასში არ იქნება საუბარი მხოლოდ 12 პუნქტის შესრულება არ შესრულებაზე.
საბოლოო გადაწყვეტილებას ზეგ არ მიიღებენ. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დეკემბერში გადაწყდება.