გაქცეული პატიმრების საქმე - რას ამბობენ ადვოკატები სხდომის დაწყებამდე
გაქცეული პატიმრების საქმე - საქალაქო სასამართლოში დაკავებული პირების წინააღმდეგ სასამართლო სხდომა იწყება.
დაკავებულების ნაწილი დუმილის უფლებას იყენებს. როგორც ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ავთანდილ თათარაშვილი, რომელსაც გამოძიება შეუტყობინებლობას ედავება, დუმილის უფლებას იყენებს. ავთანდილ თათარაშვილი ერთ-ერთი მსჯავრდებულის, ვახო თათარაშვილის ძმაა.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ეტაპისთვის იყენებს კანონით მონიჭებულ დუმილის უფლებას. ედავებიან დანაშაულის ჩადენას, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით, ეს ნიშნავს პირის შეუტყობინებლობას, რომელმაც იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია დანაშაული. დაცვის მხარე ამას არ ეთანხმება, იცოდა თუ არ იცოდა, სწორედ ეს არის დავის საგანი. შესაძლო მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდების მხარემ წარადგინა სასამართლოში, გავეცნობით აღნიშნულ მასალებს და შემდგომ გავაკეთებთ ჩვენს კომენტარს,“ - ამბობს ადვოკატი.
ნიკოლოზ თოიძის ადვოკატი კი ამბობს, რომ ჯერ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ შეხვედრია და მისი პოზიცია ინტერესების დამცველისთვის უცნობია.
ვიცავ ნიკოლოზ თოიძეს, ჯერ არ შევხვედრივარ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. ამიტომ ვერაფერს ვერ გეტყვით. არაფერი არ ვიცი, არც მოტივი ვიცი, არც გაქცევა ვიცი ან რატომ დაიწყო, არაფერი არ ვიცი,“ - ამბობს ადვოკატი.
შეგახსენებთ, „ავერსის“ კლინიკიდან სამი პატიმარი პირველ ნოემბერს გაიქცა. სამართალდამცველებმა სამივე მათგანი დააკავეს, დაკავებულია ასევე საბადრაგო ჯგუფის ხელმძღვანელი, ივერი ნატროშვილი, რომელსაც დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულია კიდევ ერთი ბადრაგი. გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გაქცევის შეუტყობინებლობისთვის ერთ-ერთი მსჯავრდებულის, ვახო თათარაშვილის ძმა ავთანდილ თათარაშვილი დააკავა.