ეს არ არის ხელფასის ზრდა, ეს არის 2017 წელს დადგენილ კოეფიციენტებთან შესაბამისობაში მოყვანა - პაპუაშვილი

06.11.23 14:11
ეს არ არის ხელფასის ზრდა, ეს არის 2017 წელს დადგენილ კოეფიციენტებთან შესაბამისობაში მოყვანა - პაპუაშვილი

დეპუტატებისთვის ხელფასების ზრდა - პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ანაზღაურების თითქმის გაორმაგებას განმარტავს და ამბობს, რომ ეს არის თანხის შესაბამისობაში მოყვანა იმ კოეფიციენტებთან, რომლებიც 2017 წელს დადგინდა. 

მისივე თქმით, დღეს პარლამენტის აპარატის დაახლოებით 50 თანამშრომელს, უფრო მაღალი ხელფასი აქვს, ვიდრე დეპუტატებს.

ეს არ არის ხელფასის ზრდა, ეს არის შესაბამისობაში მოყვანა იმ კოეფიციენტებთან, რომლებიც 2017 წელს დადგინდა და მაშინ პარლამენტმა არ მოახდინა პარლამენტის წევრების ანაზღაურების, ამ კოეფიციენტებთან შესაბამისობაში მოყვანა. სხვა საჯარო [დაწესებულებებში], მათ შორის, პარლამენტის აპარატში ეს მოხდა. ამიტომაც არის, რომ დღეს პარლამენტის აპარატის, თუ არ ვცდები 50 თანამშრომელს, უფრო მაღალი ხელფასი აქვს, ვიდრე პარლამენტის წევრ დეპუტატს. ამიტომ, ეს დისპროპორცია არსებობდა, ნუ, გარკვეული, მათ შორის ასეთი რეაქციებისგან თავის არიდების გამო, ეტყობა წინა პარლამენტები თავს იკავებდნენ შესაბამისობაში მოყვანისგან.

მე ვფიქრობ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ამიტომაც, მე ვარ პირადად ინიციატორი ამის, მნიშვნელოვანი არის, რომ როდესაც ხალხის რჩეულებზე გვაქვს საუბარი, რომლებიც იღებენ მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, აქ ანაზღაურება იყოს შესაბამისი კანონმდებლობისა. ამიტომ, მათ შორის, იყო საუბარი თითქოს მიმდინარე პარლამენტს ეხება, მომავალ პარლამენტს შეეხება ეს და ხალხიც ასე აირჩევს მომავალი პარლამენტის წევრებს იმის ცოდნით, რომ თუ რა პოზიცია ექნებათ, რა ხელფასი ექნებათ და ა.შ. ეს არის შესაბამისობაში მოყვანა", -  განაცხადა პაპუაშვილმა.