იმის მოლოდინი არ გვაქვს, რომ 12-ვე რეკომენდაცია 100%-ით შესრულებულად გამოცხადდება - პაპუაშვილი

06.11.23 14:20
იმის მოლოდინი არ გვაქვს, რომ 12-ვე რეკომენდაცია 100%-ით შესრულებულად გამოცხადდება - პაპუაშვილი

"ჩვენი მოლოდინია, რომ 3-ზე მეტი რეკომენდაცია იქნება შესრულებული და ეს ყველაფერი შესაბამისად აისახება," - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა. 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, მმართველ პარტიას აქვს იმის მოლოდინი, რომ ევროკავშირის მხრიდან 3-ზე მეტი რეკომენდაცია იქნება შესრულებულად ჩათვლილი, თუმცა იმის მოლოდინი, რომ 12-ვე რეკომენდაცია 100%-ით შესრულებულად გამოცხადდება, არ აქვთ.

ჩვენი მოლოდინია, რომ 3-ზე მეტი რეკომენდაცია იქნება შესრულებული და ეს ყველაფერი შესაბამისად აისახება. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, იმის მოლოდინი არ გვაქვს, რომ 12-ვე რეკომენდაცია 100%-ით შესრულებულად გამოცხადდება არც საქართველოს, არც უკრაინისა და არც მოლდოვას მიმართ - ჩვენ ამასაც ვამბობდით, რომ რეკომენდაციებში არის საკითხები, რომლებიც შეიძლება ერთჯერადად გადაწყდეს, [ზოგი კი განგრძობითია]“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება დათქმებს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ ითხოვს.

ოპოზიციის მხრიდან პირდაპირ შტურმია, ასე ვთქვათ, საბოლოო გაბრძოლება კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. იმის შესაძლებლობას იტოვებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მაინც მოენიჭა კანდიდატის სტატუსი [საქართველოს] და მათი შტურმი უშედეგო იყო, იქნებ რამენაირად დაამძიმონ. რაც შეეხება სანქციებს, ევროკავშირი საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ ითხოვს. თუკი მოითხოვდა, ჩვენთვის სამხედრო და ეკონომიკური უსაფროების გარანტიები უნდა მოეცათ, მათ გარეშე არც ევროკავშირი ითხოვს, მათ შორის, არც ნატო. საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არავინ არ ითხოვს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.