კლინიკიდან გაქცეულ სამივე პატიმარს პატიმრობა შეეფარდა

06.11.23 14:39
კლინიკიდან გაქცეულ სამივე პატიმარს პატიმრობა შეეფარდა

გაქცეული პატიმრების საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლომ კლინიკიდან გაქცეულ სამივე პატიმარს თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. პროცესს სამიდან ორი დაკავებული ესწრებოდა.

კლინიკიდან გაქცეული პატიმრის ძმა, სასამართლოდან გირაოთი გაათავისუფლეს - ავთანდილ თათარაშვილს 3 000 ლარის გადახდა დაეკისრა. 

"ავერსის" კლინიკიდან 3 პატიმარი პირველ ნოემბერს გაიქცა. სამივე მათგანი გაქცევიდან რამდენიმე საათში, თბილისთან ახლოს დააკავეს. დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ერთ-ერთი გაქცეული მსჯავრდადებულის, გუჯა თათარაშვილის ძმა, ავთანდილ თათარაშვილი 4 ნოემბერს დააკავეს.

გაქცეული პატიმრების საქმეში ბრალდებულთა წრე დღეს კიდევ უფრო გაფართოვდა - რამდენიმე საათის წინ, ცნობილი გახდა, რომ დაკავებულია კიდევ ერთი ბადრაგი. მანამდე კი, 2 ნოემბერს დააკავეს საბადრაგო ჯგუფის ხელმძღვანელი, ივერი ნატრიაშვილი, რომელიც წინასწარ პატიმრობაშია.