ტყუილია, შეთხზული აქვს რაღაც და ჰყვება - ხმაური გაქცეული პატიმრების საქმის განხილვისას

06.11.23 15:20
ტყუილია, შეთხზული აქვს რაღაც და ჰყვება - ხმაური გაქცეული პატიმრების საქმის განხილვისას

გაქცეული პატიმრების საქმის განხილვა ხმაურით მიმდინარეობდა - ბრალდებული პროკურორს ეჩხუბა. 

მიზეზი შოთაძის უწყების წარმომდგენლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გახდა. პროკურორმა მოსამართლეს უთხრა, რომ ავთანდილ თათარაშვილი ძებნილ ძმას და კიდევ ორ პატიმარს მიმალვაში დაეხმარა. ირკვევა, რომ კლინიკიდან გაქცეული პატიმრების ნაწილს ოჯახებთან ტელეფონით ჰქონდა კომუნიკაცია. 

დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა. თათარაშვილი ირწმუნებოდა, რომ ძმასთან შეხვედრაც კი ვერ მოასწრო, როცა პოლიციამ ხელბორკილები დაადო.

მსჯავრდებულები გაემგზავრნენ მცხეთის რაიონის სოფელ წილკანში. ავთანდილ თათარაშვილის ოჯახის წევრთან საცხოვრებელ ადგილზე. სადაც ავთანდილ თათარაშვილმა მათ გადასცა ახალი ტანსაცმელი,“ - ამბობს პროკურორი.

„ტყუილია, საიდან მოიტანე… არ მიმიშვეს იქამდე, რანაირად უნდა მეცნო. შეთხზული აქვს რაღაც და ჰყვება იმას, არ გვინახია. შრომობს თავისთვის, სწავლობს, არ მინახია ბავშვი თვალით, აბსურდია“, - მიმართა თათარაშვილმა.
 

კლინიკიდან გაქცეულ სამივე პატიმარს პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო ცოტა ხნის წინ დასრულდა. კლინიკიდან გაქცეული პატიმრის ძმა, სასამართლოდან გირაოთი გაათავისუფლეს - ავთანდილ თათარაშვილს 3 000 ლარის გადახდა დაეკისრა.