სააკაშვილი პოლიტიკურ იზოლაციაში ჰყავთ და იმ ამბებს უყვებიან, რაც მას სიამოვნებს და უხარია - თალაკვაძე

06.11.23 16:23
სააკაშვილი პოლიტიკურ იზოლაციაში ჰყავთ და იმ ამბებს უყვებიან, რაც მას სიამოვნებს და უხარია - თალაკვაძე

"მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ იზოლაციაში ჰყავთ და იმ ამბებს უყვებიან, რაც მას სიამოვნებს და უხარია - სააკაშვილს რა ბერკეტები რჩება, რომ საპასუხოდ ისინი სიიდან ამოიღოს, გაუგებარია," - ეს განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესების შეფასებისას გააკეთა. 

თალაკვაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ნავიგაცია აქვს დაკარგული და ის დაშლის ბოლო ფაზაშია. რაც შეეხება სააკაშვილის მხრიდან საარჩევნო სიების ფორმირებასთან დაკავშირებით გამოთქმულ ინიციატივას, თალაკვაძისთვის ეს იმის მანიშნებელია, რომ მესამე პრეზიდენტი საპარლამენტო გუნდის მუშაობით ახლა უკმაყოფილოა. 

მიხეილ სააკაშვილი ნაწილობრივ იყო იზოლაციაში, როდესაც საზღვარგარეთ იყო. დღესაც პოლიტიკურ იზოლაციაში ჰყავთ. იმ ამბებს უყვებიან, რაც მას სიამოვნებს და უხარია. პოლიტიკური რეალობა განსხვავებულია. ფაქტია, რომ ჩამოაცილეს პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელობას, ლიდერობას. თავადაც ვერ დაამტკიცა, რომ გუნდის ნამდვილი ლიდერია. ამაზე ბევრი არგუმენტები ჰქონდათ მისივე თანაგუნდელებს. დღეს არეული აქვთ სიტუაცია. ეს დიდ სურათში უნდა დავინახოთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის ბოლო ფაზაშია და ეს არ არის ის პოლიტიკური პარტია, რომელიც შეიძლება მომდევნო არჩევნებში ხელისუფლების მთავარი ოპონენტი იყოს. დღესაც მათ დაკარგული აქვთ ნავიგაცია, რაც რეალურ პოლიტიკაში წარმატებულ ოპოზიციურ პარტიას სჭირდება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.