შანტაჟში დადანაშაულების შემდეგ ნატალია ძიძიგურს გახარიას გუნდი პროკურატურაში უჩივლებს

06.11.23 17:07
შანტაჟში დადანაშაულების შემდეგ ნატალია ძიძიგურს გახარიას გუნდი პროკურატურაში უჩივლებს

გახარიას გუნდის შანტაჟში დადანაშაულების შემდეგ, ნატალია ძიძიგურს პროკურატურაში უჩივლებენ. ამის შესახებ ინფორმაცია ძიძიგურის ყოფილმა თანაგუნდელმა, ბათუმის საკრებულოში "საქართველოსთვის" წევრმა აკაკი გვიანიძემ "პირველებს" უთხრა.

როგორც გვიანიძე ამბობს, ნატალია ძიძიგურის მხრიდან გაკეთებული ბრალდებები უსაფუძვლო და აბსურდულია. საკრებულოს დეპუტატი ყოფილ თანაგუნდელს მმართველ პარტიასთან გარიგებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ის "ქართული ოცნების" სცენარის ნაწილია. მმართველი პარტია კი, გვიანიძის შეფასებით, გახარიას გუნდის დისკრედიტაციას ცდილობს. 

ეს არის აბსურდული და უსაფუძვლო ბრალდება და უფრო მეტიც, გეტყვით, რომ ეს არის ცრუ დასმენა, რომელიც არის სისხლის სამართლის დანაშაული, ამიტომ, რადგან ის არ მიმართავს პროკურატურას, ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ ამას და მივმართავთ პროკურატურას, რომ უფრო მეტი გავიგოთ ქალბატონი ძიძიგურისგან.

უბრალოდ, ტალახის სროლა ადამიანისთვის არ შეიძლება და ამას შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვება. გუნდმა მას ანდო მანდატი ჩვენს ამომრჩეველთან ერთად და ნაცვლად იმისა, რომ ამ მანდატის ფარგლებში ემოქმედა, ის გაურიგდა "ოცნებას" და "ოცნების" სასარგებლოდ დაიწყო მუშაობა. რა თქმა უნდა, ეს არის "ოცნების" მიერ დადგმული სპექტაკლი, მხოლოდ მისი შურისძიება არ არის, ეს არის "ოცნების" მიერ დადგმული სპექტაკლი, რომლითაც ის ცდილობს, კიდევ ერთხელ გააშავოს თავისი გუნდის ყოფილი წევრები ნაცურ-კაგებეშნიკური მეთოდებით, რომელიც კარგად შეითვისა "ოცნებამ",“ - ამბობს ბათუმის საკრებულოს წევრი.