ავტომობილი ისე დატოვა, რომ გასაღებით არ გადაკეტა - პროკურორი ბადრაგზე
ბადრაგი, რომელსაც სამი პატიმარი გაექცა, მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა. რეზო იასაშვილს საკუთარ სასამართლოზე ერთი სიტყვაც არ უთქვამს, არ უცდია თავის მართლება, რატომ არ ჩაკეტა გასაღებით სპეციალური ავტომობილი.
ადვოკატი ამტკიცებს, რომ ბადრაგმა შეამჩნია, როგორ ცდილობდა პატიმარი კარის გახსნას, რაზეც მიუთითა ჩვენებაშიც.
ბრალდების მიხედვით ისეა მითითებული, რომ გასაღებით არ იყო დაკეტილი საკანი და მხოლოდ ურდულით იყო დაკეტილი და როცა მოხდა სამი პატიმრის გაქცევა, იასაშვილი იმყოფებოდა სულ სხვა ლოკაციაზე, სხვა პატიმრებთან ერთად. შეატყობინა კიდეც, ვინ იყო მეორე ჯგუფის უფროსი მისი საკითხია, მაგრამ რეალურად მან შეამჩნია და თავის ჩვენებაში მითითებული აქვს, რომ ცდილობდა ერთ-ერთი პატიმარი, რომ ცდილობდა ხელი გამოეყო და რაღაც მაქინაციები განეხორციელებინა,“ - ამბობს ადვოკატი.
პროკურატურის ვერსიით, ბადრაგმა შენიშნა, როგორ ცდილობდნენ მსჯავრდებულები მათი მოთავსების ადგილიდან გაღწევას, თუმცა პენიტენციურის თანამშრომელმა პრევენციისთვის არაფერი გააკეთა.
გარდა ამისა, არ არის გამორიცხული, რომ ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.
პატიმრები, როგორც თვითონ აცხადებს, გააფრთხილა და ერთხელ გახსნილი საკეტი გადაკეტა, ანუ მის თვალწინ ერთხელ გახსნეს და გადაკეტა. მიუხედავად ამისა, მაინც დატოვა სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ გასაღებით არ გადაკეტა. ამას აცხადებს თვითონ ბრალდებულიც და ეს ჩანს სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებაში დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერის კადრებშიც. ამ ქმედებას ის ვერ ხსნის და ის თავს დამნაშავედ ცნობს. ვერ დაგიდასტურებთ და ვერ უარვყოფ ბრალდებულთა წრის გაფართოების შესახებ,“ - ამბობს პროკურორი.