სააკაშვილის გზავნილი "ვივა-მედიდან" - რას ამბობენ "ოცნებაში" პატიმარი პრეზიდენტის წერილზე?

06.11.23 17:21
სააკაშვილის გზავნილი "ვივა-მედიდან" - რას ამბობენ "ოცნებაში" პატიმარი პრეზიდენტის წერილზე?

მიხეილ სააკაშვილი ახალი წერილი პოლიტიკურ თმად უკვე იქცა -  "ქართული ოცნების" ლიდერები ამტკიცებენ, რომ ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში "დიდი დიდი ქაოსია". 

პარლამენტის თავმჯდომარე უფრო შორს წავიდა, შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ სააკაშვილი და კეზერაშვილი ოპოზიციურ პარტიაზე ზეგავლენას ფულით ცდილობენ. 

ხან მიხეილ სააკაშვილი, ხან დავით კეზერაშვილი ეუფლება პარტიას და მასზე ზეგავლენას ახდენს ფულით. ტიპიური მაგალითია ოლიგარქიული მმართველობისა ენმ-ში, ტიპიური მაგალიტია გავლენებით ვაჭრობის, - ამბობს პაპუაშვილი. 

 სახელისუფლებო გუნდის კიდევ ერთი წევრი, გია ვოლსკი კი აღნიშნავს,  რომ მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთის გამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს და ცდილობს, რომ "აფსაითში" არ აღმოჩნდეს.

"დიდი ქაოსი" - შეიძლება მოკლე სათაური ეწოდოს იმ ვითარებას, რომელიც ნაცმოძრაობაშია შექმნილი. ერთი მეორეს გამორიცხავს ყველა განცხადება, რომელიც სააკაშვილს აქამდე უკეთებია. დღეს ვითარება შეიცვალა და სააკაშვილს უნდა, რომ ყველა გაწიოს გვერდზე, არავინ არ თქვას, რომ იგია ავტორიტეტი და სააკაშვილი არ არის ერთადერთი და განუმეორებელი. არც არაფერი არ სჭირს, არც გვამური ლაქები აქვს, არც დემენცია აქვს და ენერგიულად და მხნედ არის და რასაკვირველია, ეს ძველი სახეები მისთვის ხან მისაღებია, ხან მიუღებელია, მერე ფიქრობს, რომ ვირაცას ისე არ აწყენინოს, რომ თავად არ აღმოჩნდეს "აფსაითში", - აცხადებს ვოლსკი. 

მესამე პრეზიდენტის წერილი არჩილ თალაკვაძისთვის იმის დადასტურებაა, რომ "მიხეილ სააკაშვილი პარტიაში  არსებული ვითარებით და საპარლამენტო გუნდის მუშაობით უკმაყოფილოა". 

მეცნიერება არ სჭირდება იმის ახსნას, თუ რას ნიშნავს მიხეილ სააკაშვილის განცხადება. ეს ნიშნავს, რომ უკმაყოფილოა და უარყოფითად აფასებს ენმ-ს საპარლამენტო გუნდის მუშაობას. თუმცა, გუნდი აღარ არსებობს უკვე, როგორც ასეთი. ესეც უნდა გაითვალისწინოს მიხეილ სააკაშვილმა. არჩევნები მალე მოვა. ვინ ვის ამოიღებს სიიდან ჯერ კიდევ ეს სერია წინ გვაქვს, - აღნიშნავს თალაკვაძე. 

მიხეილ სააკაშვილი ახალი წერილით რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდა. პატიმარი პრეზიდენტის უკმაყოფილებას იმ ადამიანების მიმართ გამოხატავს, რომლებიც პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის "დავრდომილად" წარმოჩენას ცდილობენ. 

 "პუტინის თამაშს თამაშობთ  და  მწარედ ცდებით" - წერს სააკაშვილი. 

 მესამე პრეზიდენტს კონკრეტული გვარები არ დაუკონკრეტებია, სამაგიეროდ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ერთიანობას.  სწორედ ერთიანობით წარმოუდგენია პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტს ივანიშვილის დამარცხება.