გონივრული იქნებოდა, მელიამ საქმიანობა არა ენმ-იდან, არამედ სხვა პლატფორმიდან გააგრძელოს - ბოკუჩავა

06.11.23 18:35
გონივრული იქნებოდა, მელიამ საქმიანობა არა ენმ-იდან, არამედ სხვა პლატფორმიდან გააგრძელოს - ბოკუჩავა

"პრეზიდენტი სააკაშვილის სიტყვებში ნამდვილად ამოვიკითხე, რომ მისი ადრესატი იყო ნიკა მელია," - ეს განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ "დღის ამბებში" გააკეთა და აღნიშნა, რომ პუტინის ტყვეობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის აზრი თანაპარტიელებისთვის მნიშვნელოვანია.

ბოკუჩავა "ტვ პირველის" ეთერიდან ენმ-ის ყოფილ თავმჯდომარეს მოუწოდებს, რომ პოლიტიკური საქმიანობა სხვა პლატფორმიდან გააგრძელოს.

პრეზიდენტი სააკაშვილის სიტყვებში ნამდვილად ამოვიკითხე, რომ მისი ადრესატი იყო ნიკა მელია და თუ არასწორად ამოვიკითხე, ძალიან ვწუხვარ. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია და გადამწყვეტია პრეზიდენტი სააკაშვილის პოზიცია ყველა საკითხთან მიმართებით, რომელიც პარტიას ეხება, მაგრამ კონკრეტულად ამ საკითხთან მიმართებითაც. როდესაც ის იმყოფება პოლიტიკურ ტყვეობაში, როდესაც ის არის პუტინის და ივანიშვილის ტყვე, მისი სიტყვა უკიდურესად მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია.

მე პირდაპირ მივიღე ეს გზავნილი, როგორც მინიშნება და მეტიც, მითითება ნიკა მელიასადმი, რომელმაც პარტიის კრიტიკა საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგად გადააქცია, თუ ამ რეჟიმში აპირებს ის პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას, უფრო გონივრული იქნებოდა, ეს პოლიტიკური საქმიანობა არა ამ პარტიის წიაღიდან, არამედ სხვა პოლიტიკური პლატფორმიდან გააგრძელოს - აღნიშნა ბოკუჩავამ.