სააკაშვილის პატიმრობა და ქვეყნის ევროინტეგრაცია - ენმ-ს გენმდივანი ბრუსელში ჩავიდა
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი ბრიუსელში იმყოფება, სადაც ევროპის სახალხო პარტიის საგარეო ურთიერთობების მდივანს, პატრიკ ვოლერს შეხვდა.
როგორც ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო და ისაუბრეს როგორც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე, ისე ქვეყნის ევროინტეგრაციაზე;
შევხვდით ევროპის სახალხო პარტიის საგარეო ურთიერთობების მდივანს. შეხვედრის ძირითადი საკითხი შეეხებოდა საქართველოს ევროინტეგრაციას. ევროპის სახალხო პარტია არის მთავარი ლობისტი და პარტნიორი ჩვენი ქვეყნისთვის. “ნაციონალურ მოძრაობასთან” ძალიან მყარი და პარტნიორული ურთიერთობები აქვს ევროპის სახალხო პარტიას და ამ ურთიერთობებს გაესვა ხაზი. ასევე, ხაზი გაესვა დეოლიგარქიზაციის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის გავლენას ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად რეგიონში დემოკრატიის კუთხით. რა თქმა უნდა, ასევე, ვისაუბრეთ მომავალ არჩევნებზე, სადაც მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების ჩართულობა და ევროპის სახალხო პარტიაც ფიქრობს კონკრეტულ გზებზე, თუ რით შეიძლება დაგვეხმაროს, თუნდაც გრძელვადიანი ვიზიტით ან სხვა ბერკეტებით, რომ უზრუნველყოს ქართველი ხალხის ნების აღსრულება,- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.