საერთაშორისო პარტნიორებს მოვუწოდებ, გააძლიერონ რუსეთზე ზეწოლა ოკუპაციის დასრულების მიზნით - პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ეხმაურება და საერთაშორისო პარტნიორებს, ოკუპაციის დასრულების მიზნით, რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.
პაპუაშვილის თქმით, აღნიშნული ტრაგედია ოკუპაციის მძიმე შედეგებს უსვამს ხაზს.
შემზარავი ფაქტი მოხდა სოფელ კირბალთან, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენელმა საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქე თამაზ გინტური მოკლა.
ვუსამძიმრებ თამაზ გინტურის ოჯახს და მეგობრებს.
ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოკუპაცია ყოველდღიურად ტოვებს მძიმე შედეგებს და ატარებს რისკებს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანებისა და მთლიანად სახელმწიფოსთვის.
საქართველოს მთავრობა ყველა ზომას იღებს კიდევ ერთი უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად და დამნაშავის დასასჯელად.
საერთაშორისო პარტნიორებს მოვუწოდებ, დროულად შეაფასონ აღნიშნული ფაქტი და გააძლიერონ რუსეთზე ზეწოლა ოკუპაციის დასრულების მიზნით - წერს პაპუაშვილი.