საქართველოს მოქალაქის მკვლელობა კირბალში - ხელისუფლებამ ტექნიკური შეხვედრის გამართვა მოითხოვა

06.11.23 21:52
საქართველოს მოქალაქის მკვლელობა კირბალში - ხელისუფლებამ ტექნიკური შეხვედრის გამართვა მოითხოვა

სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპანტების მიერ საქართველოს ერთი მოქალაქის მკვლელობასა და კიდევ ერთი მოქალაქის გატაცებასთან დაკავშირებით, ცენტრალურმა ხელისუფლებამ ტექნიკური შეხვედრის გამართვა მოითხოვა -  ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

"რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაუყონებლივ მოითხოვეს ტექნიკური შეხვედრის გამართვა მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, სადაც მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის საოკუპაციო ძალების, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

აღნიშნული წარმოადგენს ოკუპაციის ფარგლებში, რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაშაულებრივი ქმედების კიდევ ერთ საგანგაშო გამოვლინებას, რაზეც სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. ცენტრალური ხელისუფლება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა დამნაშავე პირის დასჯას, ასევე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის დაუყონებლივ გათავისუფლების საკითხს განსაკუთრებული სიმკაცრით მოითხოვს ყველა საერთაშორისო ფორმატში", - წერია სუს-ის განცხადებაში.