რუსეთის სახე - ახალი დეტალები კირბალთან საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე

06.11.23 22:06
რუსეთის სახე - ახალი დეტალები კირბალთან საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 60 წლის თამაზ გინტურს მაშინ ესროლეს, როცა ის მამის საფლავიდან ბრუნდებოდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობა მოხდა სოფელ კირბალთან ახლოს მდებარე ლომისის ეკლესიასთან.   ზაფხულში ოკუპანტებმა ტაძრის კარი აჭედეს, თუმცა შემდეგ ის ერთ-ერთმა ადგილობრივმა ჩამოხსნა.

ერთ-ერთი ვერსიით, მოკლული და გატაცებული, ლევან დოთიაშვილი სავარაუდოდ, ეკლესიაში მოსალოცად მიდიოდნენ.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა "ტვ პირველთან" ამბობს, რომ "დღეს რუსმა ოკუპანტებმა ჩაცხრილეს მეომარი, რომელიც საქართველოს იცავდა" 

ვიცით, რომ ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან მოხდა ეს საზარელი მკვლელობა. საფუძვლიანი ვარაუდი არსებობს, რომ მათი გატაცება სცადეს და მათ გაუწიეს წინააღმდეგობა, რის შედეგადაც რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსენეს. ეს არის კატასტროფა, სრული ფიასკო ამ ხელისუფლების, რომელიც პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს. მე კირბალის მისადგომებთანაც არ მიშვებენ. ყველას მოვუწოდებ, ვისაც აქვს ამისი საშუალება, ხალხნო წამოდით კირბალში, დავანახოთ, რომ ისინი მარტო არ არიან. სამწუხაროდ, ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას. დღეს რუსმა ოკუპანტებმა ჩაცხრილეს მეომარი, რომელიც საქართველოს იცავდა. დღეს თუ ვერ მოახერხებთ აქ ჩამოსვლას, ჩვენ დავრჩებით, არსად არ მივდივართ. მე მოგიწოდებთ, რომ ჩამოდით, მივუსამძიმროთ და ხვალიდან სხვანაირად ბრძოლა დავიწყოთ. მე როგორც ვიცი, რუსი ოკუპანტები არ არიან სიახლოვეს, მათ დატოვეს ტერიტორია და გადასულები არიან საკუთარ ბაზებზე, მაგრამ აქედანვე გეუბნებით, რომ უსაფრთხო ცხოვრება და ყოფა საოკუპაციო ხაზთან არცერთ სოფელში არ არის, რადგან ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს მათ დაცვას, ამიტომ ის რაც ოკუპანტებმა დღეს გააკეთეს, შესაძლოა მომავალშიც ჩაიდინონ იგივე. დღეს უსაფრთხოება არ არსებობს, ხელისუფლება სრულ კონფლიქტს უქმნის ოკუპანტებს. სუს-მა ისიც კი ვერ თქვა, რომ ჩვენი მოქალაქე ჩაცხრილეს, მათ გააკეტეს განცხადება, რომ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით "გარდაიცვალა" საქართველოს მოქალაქე, ეს არის სირცხვილი - ქაცარავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,  მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

მომხდარის შემდეგ თბილისმა ტექნიკური შეხვედრის გამართვა მოითხოვა, სადაც მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის საოკუპაციო ძალების, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.