დაუცველები ვართ, უსუსური ხელისუფლების ხელში - სოფო ჯაფარიძე საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისკენ მოუწოდებს
მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სოფელ კირბალთან იმყოფება, სადაც რამდენიმე საათის წინ ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.
საკრებულოს დეპუტატი ამბობს, რომ ქვეყანა ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ცხოვრობს. მისი თქმით, თამაზ გინტური აგვისტოს ომის მონაწილე, ომის ვეტერანი იყო. რაც შეეხება სასტიკ დანაშაულს ენმ-ის ლიდერი მომხდარს ხელისუფლების დაყვავების პოლიტიკის შედეგს უწოდებს.
მესამე პრეზიდენტის წარმომადგენელმა დიპლომატიურ კორპუსს და სადამკვირვებლო მისიას მყისიერი რეაგირების მოხდენისკენ მოუწოდა.
ჩვენ საუბედუროდ გავხდით ტრაგედიიდან ტრაგედიამდე მცხოვრები ერი. ეკლესიის მიმდებარედ რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქე, აგვისტოს ომის ვეტერანი. სწორედ ეს არის ხელისუფლების დაყვავების პოლიტიკის შედეგი, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ. მობილიზებულია უამრავი პოლიცია, არ უშვებენ მოქალაქეებს. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, მე თვალწინ მიდგას განმუხურის ცნობილი კადრები და თქვენ წარმოიდგინეთ დღეს რა დაუჯდებოდა რუსს სამხედროებს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა. ძალიან მძიმე მდგომარეობაში გვამყოფებს ჩვენი ხელისუფლება. მინდა, მოვუწოდო დიპლომატიურ კორპუსს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომ რაც შეიძლება მყისიერი რეაგირება მოხდეს, რადგან დღეს ქართველები ვართ სრულიად დაუცველები, სრულიად უსუსურები ამ უსუსური ხელისუფლების ხელში - აღნიშნა ჯაფარიძემ.