შს მინისტრმა ვერ შეძლო საქართველოს მოქალაქის დაცვა ოკუპანტისგან, საქართველოს ტერიტორიაზე - ვაჟა გაფრინდაშვილი

06.11.23 23:06
შს მინისტრმა ვერ შეძლო საქართველოს მოქალაქის დაცვა ოკუპანტისგან, საქართველოს ტერიტორიაზე - ვაჟა გაფრინდაშვილი

"ჩვენ არ გვყავს მთავრობა, იმიტომ რომ დღეს რომ საქართველოს მთავრობა ჰყავდეს, ის უკვე გადამდგარი უნდა იყოს" - ეს განცხადება ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა "ტვ პირველთან" საუბრის დროს გააკეთა და აღნიშნა, რომ სოფელ კირბალთან რუსი საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობა მმართველი პარტიის ზურგზე იქნება.

ვაჟა გაფრინდაშვილი "საჯარო პოლიტიკის" ეთერიდან შინაგან საქმეთა მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდებს, რადგან ვახტანგ გომელაურმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე საკუთარი მოქალაქის დაცვა ვერ შეძლო.

კიდევ ერთხელ ჩვენმა ოკუპანტმა დაგვიმტკიცა, რომ ჩვენ არ გვყავს მთავრობა, იმიტომ რომ დღეს რომ საქართველოს მთავრობა ჰყავდეს, ის უკვე გადამდგარი უნდა იყოს. მათთვისაც შვება იქნებოდა, თუნდაც მცირეოდენო ეროვნული შერჩენილი აქვთ, რომ მშრალად ამოვიდოდნენ წყლიდან. ხვალ უკვე მთელი ეს მკვლელობა მათ ზურგზე იქნება. სხვა თუ არავინ მინიმუმ შინაგან საქმეთა მინისტრი მაინც უნდა გადადგეს, ადამიანი, რომელმაც საქართველოს მოქალაქის დაცვა რუსი ოკუპანტისგან ვერ შეძლო საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. რაც შეეხება ე.წ. საოკუპაციო ხაზს, პოლიციის ფუნქცია არის ერთადერთი, რომ საქართველოს მოქალაქემ ვერ შეძლოს იმ სოფლებში მისვლა. იქ მცხოვრებლები ორმხრივ ოკუპაციაში, იზოლაციაში იმყოფებიან, ერთი მხრიდან რუსი, მეორე მხრიდან ქართველი ჯარისკაცი უდგას. ოთხჯერ მომიწია მე იქ მისვლა, მაგრამ ოთხივეჯერ 2-საათამდე დამჭირდა ლოდინი, რომ შევსულიყავი და მენახა ჩემი მეგობრები. 

საქართველოს მეორე მოქალაქე, რომელიც დაკავებულია და ცხინვალში ჰყავთ, ხვალ ან ზეგ მას გააკეთებინებენ განცხადებას, რომ მათ რუს მესაზღვრეებზე იძალადეს, რის საპასუხოდაც მოხდა მკვლელობა. იქ მყოფი ყველა დაკავებული საქართველოს მოქალაქე არის ყოველგვარი დაცვის გარეშე, სრულად არის ოკუპანტის და სამხრეთ ოსეთის სტრუქტურების განკარგულებაში. ჩვენი მთავრობის რომელიმე წარმომადგენელს ამაზე ულაპარაკია? მოსახლეობამ არ იცი იქ რა ხდება, რადგან ეს არის არგაღიზიანების პოლიტიკა, რომლის გამოც არაერთი მოქალაქე დაიღუპა - აღნიშნა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

გაფრინდაშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა, სადაც რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის სასტიკ მკვლელობას და კიდევ ერთი პირის გატაცებას აპროტესტებენ.