ველოდებით საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან რეაქციებს, ასევე დამნაშავეების დასჯას - პაპუაშვილი
კირბალთან მომხდარ ფაქტზე ველოდებით საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან რეაქციებსა და შეფასებებს, ასევე დამნაშავეების დასჯას – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს სოფელ კირბალთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბარი იყო კირბალთან საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზეც.
„ჩვენ ველოდებით ამაზე რეაქციებს, როგორც შეფასებებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ისე შესაბამისად, დამნაშავეების დასჯას და მთავრობა ამ მხრივ არის ძალიან აქტიური. რაც შეეხება თავად ფაქტს, ეს არის სწორედ ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ოკუპაციის მძიმე შედეგი, რომელიც არა მხოლოდ და განსაკუთრებით, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას ეხება ყოველდღიური საფრთხე, მათი სიცოცხლისთვის და უსაფრთხოებისთვის არის მთლიანად სახელმწიფოს წინაშე გამოწვევა და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ოკუპაციის დასრულება.
2008 წელს ევროკავშირის შუამავლობით ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტს, რომელიც დღემდე არ სრულდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე, რომ შესრულდეს ხელშეკრულება, დასრულდეს ოკუპაცია, რაც ნიშნავს ჩვენი მოსახლეობისთვის, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განსაკუთრებით უსაფრთხოების მხრივ უფრო დაცულ მდგომარეობას. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ევროკავშირის გადაწყვეტილებაც და ჩვენი სვლა ევროკავშირისკენ, ვინაიდან ეს გადაწყვეტილებებიც, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს როგორც მშვიდობიან დასრულებას და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიან აღდგენას, შესაბამისად ოკუპაციის დასრულებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, მეორე ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. ღამით საგანგებო შეხვედრა გაიმართა ერგნეთში - როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, უმთავრესი მოთხოვნა გატაცებული ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებლივ დაბრუნება და დამნაშავეების სასწრაფო დასჯა იყო.