დღევანდელი ტრაგედია ხელისუფლების პრორუსული პოლიტიკის შედეგია - გენერალი ყურაშვილი გინტურის მკვლელობაზე
გენერალური ყურაშვილი აგვისტოს ომის გმირს და ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურს იხსენებს და ამბობს, რომ ის ოკუპაციას არასდროს ეგუებოდა. ამასთან, გენერალი ხელისუფლებას რუსეთთან ლოიალური დამოკიდებულების გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ ეს ტრაგედიაც სწორედ ამის შედეგია.
თამაზიც შეეწირა იმას, რომ არ ეგუება საქართველოს ძირძველი მიწის დროებით ოკუპირებას. აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა და გავიხსენო, რომ ის არის გმირი მებრძოლი, რომელიც 2008 წელს ღებულობდა მონაწილეობას, იგი მსახურობდა კარალეთის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფში ზურგის სამსახურში და იყო გამორჩეული ქართველი. ძალიან სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ არის ძალიან დაგვიანებული რეაგირება და ფაქტობრივად, მიჩქმალვა იმის, რომ ოკუპირებულია საქართველოს ძირძველი მიწა. ძალიან სამწუხაროა ისიც, რომ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას გაჟღერებული აქვს პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში, რომ რაც გინდათ გააკეთეთ, ჩვენ არაფერზე პასუხს არ გაგცემთ და მაგის შედეგია დღევანდელი ტრაგედია, - ამბობს გენერალი ყურაშვილი.
თამაზ გინტური ოკუპანტებმა ომიდან 13 წლის შემდეგ კირბალის ლომისას სალოცავთან ჩაცხრილეს. აგვისტოს ომის გმირს და ყოფილ სპეცრაზმელს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც მამის საფლავიდან სალოცავში სანთლის ასანთებად ავიდა. თავდასხმის დროს ოკუპანტებმა გინტური მოკლეს მისი მეგობარი ლევან დოთიოშვილი კი გაიტაცეს.