ეს არის ტრაგიკული მოცემულობა, რომელიც 2008 წელს გაფორმდა - სამხარაძე გინტურის მკვლელობაზე
"ქართული ოცნება" კირბალში მომხდარ მკვლელობაზე პასუხისმგებლობას იხსნის და ხელს ისევ წინა ხელისუფლებისკენ იშვერს. სახელისუფლებო გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ ის, რაც გუშინ საოკუპაციო ხაზთან მოხდა, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს დაშვებული შეცდომის შედეგია.
ნიკოლოზ სამხარაძე ირწმუნება, რომ დამნაშავეების დასჯის შესაძლებლობა ხელისუფლებას არ აქვს.
2008 წლის აგვისტოს მერე საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს, იმ ტერიტორიებს, რომლებიც არის მის იურისდიქციაში, შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება მოკლებულია შესაძლებლობას, რომ დამნაშავეები, მკვლელები დაიჭიროს და პასუხი აგებინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იმ შემთხვევაში თუ დანაშაული ხდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან საოკუპაციო ხაზზე. ეს არის ტრაგიკული მოცემულობა ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ეს არის მოცემულობა, რომელიც გაფორმდა 2008 წლის აგვისტოში, - ამბობს ნიკოლოზ სამხარაძე.
თამაზ გინტური ოკუპანტებმა ომიდან 13 წლის შემდეგ კირბალის ლომისას სალოცავთან ჩაცხრილეს. აგვისტოს ომის გმირს და ყოფილ სპეცრაზმელს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც მამის საფლავიდან სალოცავში სანთლის ასანთებად ავიდა. თავდასხმის დროს ოკუპანტებმა გინტური მოკლეს მისი მეგობარი ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.