„ოცნება“ იქნებ ასეთმა საზარელმა ტრაგედიებმა მაინც გამოაფხიზლოს და გაარკვევინოს ვინაა მტერი და მოყვარე - უსუფაშვილი
„ოცნება“ იქნებ ასეთმა საზარელმა ტრაგედიებმა მაინც გამოაფხიზლოს და გაარკვევინოს, ვინაა საქართველოს მტერი და ვინ - მოყვარე, - ასე ეხმაურება „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და გატაცების ფაქტს.
მისი თქმით, ეს ტრაგედია იყო კიდევ ერთი შეხსენება ყველასთვის, ვისაც რაიმე სხვა აზრები აწუხებს, რომ რუსეთი საქართველოს მტერია.
"გუშინდელი ტრაგედია იყო კიდევ ერთი შეხსენება ყველასთვის, ვისაც რაიმე სხვა აზრები აწუხებს, რომ საქართველოს მტერია რუსეთი, საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს რუსეთს, რუსეთს აქვს საქართველოში დაუსრულებელი ომი გაჩაღებული და ეს ომი იწირავს ჩვენს უდანაშაულო მოქალაქეებს. ზუსტად ამისგან უნდა დავიცვათ ქვეყანა, რუსული ოკუპაციისგან, რუსეთის განგრძობადი ომის საფრთხეებისგან, ზუსტად ამიტომ გვჭირდება ევროინტეგრაცია და ნატოსთან და ჩვენს პარტნიორებთან ძალიან მჭიდრო კონტაქტი. "ოცნება" იქნებ ასეთმა საზარელმა ტრაგედიებმა მაინც გამოაფხიზლოს და გაარკვევინოს ვინაა მტერი და მოყვარე საქართველოსი და ქართველი ხალხის,"- განაცხადა უსუფაშვილმა.
სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, მეორე ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. ღამით საგანგებო შეხვედრა გაიმართა ერგნეთში - როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, უმთავრესი მოთხოვნა გატაცებული ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებლივ დაბრუნება და დამნაშავეების სასწრაფო დასჯა იყო.