როდესაც ასეთ სახელმწიფოს ააშენებ, შემდეგ ასეთი აღუწერელი ტრაგედიებისთვის მოგიწევს თვალებში ჩახედვა - ცისკარიშვილი
როდესაც ასეთ სახელმწიფოს ააშენებ, შემდეგ ასეთი აღუწერელი ტრაგედიებისთვის მოგიწევს თვალებში ჩახედვა - ასე გამოეხმაურა ენმ-ს ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და გატაცების ფაქტს.
ცისკარიშვილის თქმით, როდესაც გიგა ოთხოზორია მოკლეს, მაშინ არავინ დასჯილა და სწორედ ამ დაუსჯელობაზე მივიღეთ პასუხი გუშინდელი ტრაგედიით.
"რუსული ოცნების" რეჟიმმა ეს იმუნიტეტი მთლიანად მოშალა და მოარღვია, რაც საქართველოს ჰქონდა, არავინ დასჯილა, როდესაც გიგა ოთხოზორია ვინმე კანჯიოღლუმ მოკლა 8 წლის წინ, დღესაც თავისუფლებაზე დაიარება და ის ადამიანები, ვინც ასეთ ნაძირლებს პასუხს სცემდნენ, მაგალითად, შამათავა, ამ რეჟიმის ხელით ციხეშია გამომწყვდეული. აი ასეთ სახელმწიფოს როდესაც ააშენებ, შემდეგ ასეთ აღუწერელი ტრაგედიებისთვის მოგიწევს თვალებში ჩახედვა". - განაცხადა ცისკარიშვილმა.
სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, მეორე ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. ღამით საგანგებო შეხვედრა გაიმართა ერგნეთში - როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, უმთავრესი მოთხოვნა გატაცებული ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებლივ დაბრუნება და დამნაშავეების სასწრაფო დასჯა იყო.