ენგრევა თუ არა გიორგი გახარიას საკუთარი პარტია თავზე? - რას ამბობს ექსპრემიერი

07.11.23 11:58
ენგრევა თუ არა გიორგი  გახარიას საკუთარი პარტია თავზე? - რას ამბობს ექსპრემიერი

ენგრევა თუ არა გიორგი  გახარიას საკუთარი პარტია თავზე? - "საქართველოსთვის" ლიდერი ამ პროცესს გადამწყვეტი არჩევნების წინ "ოცნების" ისტერიკად აფასებს. გიორგი გახარიას თქმით, "ოცნებამ" იცის, რომ დამარცხდება, ამიტომ შეშინებულია და ამ ფონზე ბევრ სისულელეს აკეთებს.

ექსპრემიერი "ოცნებას" "ჰუმანიტარული დასუფთავებისთვის" მადლობას უხდის და ამბობს, რომ ეს ბინძური საქმე მათზე უკეთ არავის გამოუვიდოდა. 

პარტია მხოლოდ ძლიერდება, სწორედ აქედან გამომდინარეობს „ოცნების“ ის ისტერიკა, რომელიც სჭირთ. 2024 წლის არჩევნებამდე სულ რაღაც ერთი წელი დარჩა და „ოცნება“ სულ უფრო იაზრებს, რომ ვერ იმარჯვებს, მარცხდება. შესაბამისად, შიში... ეს შიში, სამწუხაროდ, „ოცნებას“ ჯერ კიდევ ბევრ სისულელეს და სიბინძურეს ჩაადენინებს. „ოცნების“ შემდგომ დარჩებიან მორალურად გატეხილი ადამიანები, რომლებზეც სახელმწიფომ პარტიის დავალებით იძალადა, მოისყიდა და მათ უარი ათქმევინა ღირსებაზე. მინდა მათ მადლობა ვუთხრა ჰუმანიტარული დასუფთავებისთვის  და მინდა ვთხოვო, რომ გააგრძელონ. თქვენზე უკეთესად ეს ბინძური საქმე სხვას არავის გამოსდის, - ამბობს გიორგი გახარია. 

ექსპრემიერის პარტიას თანაგუნდელები ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ. ბოლო ერთ კვირაში გახარიას პარტია ორმა წევრმა დატოვა. ერთმა ექსპრემიერი პირადი ცხოვრებით  შანტაჟში ამხილა, მეორემ კი თაღლითად და მოღალატედ გამოაცხადა.