"რუსეთი კლავს საქართველოს მოქალაქეებს" - დღეს, პარლამენტთან "ლელო" აქციას გამართავს
პარტია "ლელო" ოკუპანტების მიერ აგვისტოს ომის მონაწილის მკვლელობას დღეს დროშებით და ანთებული სანთლებით გააპროტესტებს. აქცია უკვე დაანონსებულია. ოპოზიციური პარტიის ლიდერები და წევრები 19 საათზე საქართველოს პარლამენტთან შეიკრიბებიან. "ლელოში" ამბობენ, რომ ტრაგედია "ოცნების" პოლიტიკის შედეგია.
ყველა საქართველოს მოქალაქეს ვუსამძიმრებ ამ ტრაგედიას, იმ მკვლელობას რაც ჩაიდინა რუსეთმა. და რას ვშვრებით ჩვენ ამ დროს, რას შვება ჩვენი მთავრობა. კატის კნავილსაც არ ჰგავს, მონური მორჩილ;ება. ჩვენი აქცია დღეს იქნება, აქცია გამოსვლების გარეშე. ეს იქნება აქცია, რომ მივიქციოთ ყურადღება, არა მარტო ჩვენი მოსახლეობის, არამედ მთელი მსოფლიოსი, რომ რუსეთი კლავს საქართველოს მოსახლეობას". - აცხადებს ვატო სურგულაძე.
სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, მეორე ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. ღამით საგანგებო შეხვედრა გაიმართა ერგნეთში - როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, უმთავრესი მოთხოვნა გატაცებული ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებლივ დაბრუნება და დამნაშავეების სასწრაფო დასჯა იყო.