ვინ უერთდება პრეზიდენტის დიდ შეკრებას - ოპოზიციის შეფასებები

07.11.23 13:50
ვინ უერთდება პრეზიდენტის დიდ შეკრებას - ოპოზიციის შეფასებები

სალომე ზურაბიშვილი მოქმედებაზე გადავიდა - პრეზიდენტი რომელსაც უცხოეთში ვიზიტები აუკრძალეს, ხვალ დიდ შეკრებას აანონსებს. ხვალინდელ შეკრებაზე მისვლას გეგმავს, ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.

ოპოზიციონერის თქმით, მნიშვნელოვანია, ასეთ ისტორიულ დღეს საზოგადოებამ მაქსიმალური ერთიანობა აჩვენოს.

მკვლელობის ფონზე, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ჩაიდინეს, ბუნებრივია, სამწუხაროდ,  ბუნებრივია, დადებითი გადაწყვეტილების პირობებშიც, საზეიმო განწყობა ვერ იქნება ქვეყანაში, თუმცაღა მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ასეთ ისტორიულ დღეს მაქსიმალური ერთიანობა აჩვენოს საზოგადოებამ და ამ სულისკვეთებით ვაპირებ რომ შევუერთდე პრეზიდენტის ინიციატივას ხვალინდელი გადაწყვეტილების მოლოდინში".- აცხადებს ბოკუჩავა.

პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ პრეზიდენტს, ხელმოწერების შეგროვებაში შეიძლება, "სტრატეგია აღმაშენებელიც" შეუერთდეს, თუმცა პარტია დაანონსებულ შეკრებას არ შეუერთდება.

დამოუკიდებელ თამაშს ნამდვილად არ ნიშნავს, პოლიტიკურ განაცხადს ნიშნავს, პოლიტიკურ ამბიციას. რა ვიცი ვიფიქრებ, შეიძლება, ჩვენს მიერ შეგროვებული ხელმოწერებიც შევამატოთ ჩვენით ამ კამპანიას, ისე არ მივალთ და დანარჩენი ვნახოთ, რა ღონისძიებაა, შინაარსი არ არის ცნობილი, ვნახავთ ყველაფერს, მეტი ევროპა კარგია საქართველოში".- ამბობს მანჯგალაძე.

პრეზიდენტის ინიციატივით, მოქალაქეების შეკრების შემდეგ, დაიწყებენ ხელმოწერების შეგროვებას, რომელიც ევროკავშირში ქართველი ხალხის სახელით გაიგზავნება. ეს აქცია კი დასავლელი პოლიტიკოსებისთვის იქნება გზავნილი რომ ქართველი ხალხის არჩევანი ევროპაა.