ვინ არის ოკუპანტი? ხომ არსებობს რაღაც ზღვარი? ხომ არ უნდა დავკარგოთ ადამიანობა? - ვაშაძე "ოცნებას"
კირბალში მომხდარ მკვლელობას, როდესაც თამაზ გინტური ოკუპანტებმა საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი უსამართლოს და ენითაღუწერელ კატასტროფას უწოდებს. გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ "ქართული ოცნება", რომელიც ახლა პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს და ხელს წინა ხელისუფლებისკენ იშვერს, რუსეთის ნარატივს იმეორებს.
ოპოზიციონერი ლიდერი მმართველ პარტიას შეკითხვებით მიმართავს და ინტერესდება, მოახდინა თუ არა რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და არის თუ არა მოღალატეობრივი მათი მხრიდან საქართველოს ისტორიის გადაწერის მცდელობა?
უმძიმესი ტრაგედია მოხდა გუშინ სოფელ კირბალში, უდიდესი უსამართლობა, ქართველი პატრიოტი, ყოფილი სამხედრო, თამაზ გინტური, მას მზაკვრულად თავს დაესხნენ რუსი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები და მოკლეს ჩვენი თანამემამულე და ეს არის საშინელი უსამართლობა, რომ სანთლის დასანთებად სალოცავში მისულ ადამიანს დაესხნენ თავს და სიცოცხლე მოუსპეს. ეს არის ენით აღუწერელი კატასტროფა და მეორე ის, რომ ეს ყოველივე მოხდა ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ანუ სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეები, ჩვენსავე კონტროლირებად ტერიტორიაზე არ არიან დაცულები, ეს არის კონკრეტული დანაშაულის შემცველი გარემოება. ვუსამძიმრებ თამაზ გინტურის ოჯახის წევრებს! ვუსამძიმრებ მთლიანად საქართველოს და ყველაფერი ამის მერე რას ვხედავთ?!
ვხედავთ დიდ დანაშაულსა და უსამართლობას „ქართული ოცნების“ მხრიდან, ანუ ოკუპაციაში თურმე რუსეთი კი არ არის დამნაშავე, არამედ წინა ხელისუფლება. ეს ხომ ზუსტად ის რუსული ნარატივია, რომელიც საქართველოს ადანაშაულებდა 2008 წლის ომის დაწყებაში? ეს არის ზუსტად ის რუსული ნარატივი, რომელიც არის რუსული პროპაგანდის გაგრძელება. მე ვეკითხები „ქართული ოცნების“ „ვაი ქართველებს“, 1993 წელს სოხუმის ოკუპაცია მოახდინა თუ არა რუსეთმა? მანამდე ცხინვალის ოკუპაცია მოახდინა თუ არა რუსეთმა და ეს ისტორიის გადაწერის მცდელობა არის თუ არა ანტიქართული, მოღალატეობრივი ქმედება თქვენი მხრიდან?
აი, მაინტერესებს, ამხელა ტრაგედიის დროს, როცა მთელი ერი უნდა იყოს ერთად და ითხოვდეს სამართლიანობის აღდგენას, როდემდე უნდა მართოთ ქვეყანა პროპაგანდისტული „მესიჯბოქსებით“? ხელთ მაქვს თქვენი, თქვენი დაქირავებული ვითომ ექსპერტების განცხადებები, ერთ-ერთში დაწერილი მესიჯბოქსები, ეს არის პატრიოტიზმი? რუსული ნარატივის გამეორებაა პატრიოტიზმი? ეს ხომ უსამართლობაა? ეს ხომ იმ სამართლიანობას ვერც თამაზ გინტურის და ვერც ჩვენი ქვეყნისთვის ვერ აღადგენს? ანუ თქვენ ამბობთ, რომ საქართველო თავისი თავის მტერია და არა რუსეთი? ოკუპაცია ვინ მოახდინა? რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ? ნამუსი ხომ არსებობს? ღირსება არ უნდა დაკარგო!
კობახიძე-ღარიბაშვილ-მდინარაძეს, კალაძეს ვეკითხები: ოკუპანტი ვინ არის ხალხო? ვისი ბრალია, რომ საქართველოს ტერიტორიებია ოკუპირებული? შეიძლება, რომ მტერს მტერი არ დაარქვა და შენს ქვეყანას ადანაშაულებდე ქვეყნის ოკუპაციაში? წინა მთავრობამ მოახდინა ტერიტორიების ოკუპაცია? ხომ არსებობს რაღაც ზღვარი, ხომ არ უნდა დაკარგოთ ადამიანობა? როგორ გელაპარაკოთ პატრიოტიმზე? 1993 წელს ვინ იყო დამნაშავე? 1990-91-92 წელს ჩვენს თანამემამულეებს რომ ხოცავდნენ, ვინ არის დამნაშავე ამ ყველაფერში? ვინ მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან და ვინ განაგრძობს ამ პროცესს? - რუსეთი! და თქვით ეს და არა ის, რომ პოლიტიკურ ოპონენტებში ეძებოთ მტერი. თქვენი ეს განცხადებები საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ იცით რატომ არის? იმიტომ, რომ ხვალ და ზეგ ამას საერთაშორისო ასპარეზზე დაგვიტრიალებენ და გვეტყვიან, რომ აგერ მთავრობა გყავს, რომელიც წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს ოკუპაციაში და არა რუსეთს, მერე რას ვშვრებით? ან კი მიმართეთ ვინმეს? რამე წამოიწყეთ, რომ ჩვენი მოქალაქეები დაიცვათ?
კვლავ ხაზს ვუსვამ, რომ თამაზ გინტური ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს, საოკუპაციო ხაზი კი არ გადაუკვეთავს და გადასულა რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე და როდემდე უნდა იყვნენ დაუცველები საქართველოს მოქალაქეები? - ამაზე გაგვეცით პასუხი, ამაზე ისაუბრეთ და დაანებეთ თავი რუსული ნარატივებით საუბარს, - განაცხადა ვაშაძემ.