ოკუპანტებმა ქართველი მოკლეს, ინჯია კი ისევ 2008 წლის ომზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შემდეგ ფრიდონ ინჯია ისევ გააქტიურდა - "ევროპელი სოციალისტების" ლიდერი კვლავინდებურად, 2008 წლის ომთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
მისი თქმით, ყველა დამნაშავე უნდა იყოს გამოაშკარავებული.
ფრიდონ ინჯიამ ასევე სამძიმარი გამოუცხადა კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახს.
„გუშინდელ შემზარავ ფაქტს ერთი ჩვენი თანამემამულე შეეწირა. მინდა, მივუსამძიმრო მათ ოჯახსა და მთელ საქართველოს. უნდა დაისაჯონ დამნაშავეები, უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლის მომსპობი, ვინც არ უნდა იყოს. რამდენიმე თვის წინ 2008 წლის მოვლენებთან მიმართებით საგამოძიებო კომისიის შექმნა დავაინიცირეთ – გამოკვლევა, ფაქტების დადება. გუშინ მოხდა ერთ-ერთი ფაქტი, მაგრამ ხვალ რა მოხდება, კაცმა არ იცის.
მმართველმა პარტიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და მხარი დაუჭიროს საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომ ყველა დამნაშავე გამოაშკარავებული იყოს. „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში და მათი უნიათო ქმედებით, ბევრ შემთხვევაში, დანაშაულებრივი ქმედებით მოხდა ის, რაც მოხდა. თავიდან ვერ აიცილეს ვერც ომი და არც ისეთი ზომები მიიღეს, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, რომ ამ რეგიონის ჩამოშორება არ მომხდარიყო და ფაქტის წინაშე არ აღმოვჩენილიყავით. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულის ოჯახს. ღმერთმა ქნას, მოიძებნოს გზები – იქნება ეს საუბარი, თუ სხვა მეთოდები, გარდა ძალისმიერისა, რომ საქართველოში მსგავსი უბედურება არ იყოს“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, მეორე ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. ღამით საგანგებო შეხვედრა გაიმართა ერგნეთში - როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, უმთავრესი მოთხოვნა გატაცებული ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებლივ დაბრუნება და დამნაშავეების სასწრაფო დასჯა იყო.