"ტვ პირველის" ოპერატორი ექსტრემალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, NGO-ები დაუცველები არიან - გაეროს მომხსენებელი

07.11.23 15:03
"ტვ პირველის" ოპერატორი ექსტრემალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, NGO-ები დაუცველები არიან - გაეროს მომხსენებელი

"საქართველო აქამდე იყო სამოთხე უფლებადამცველებისთვის, თუმცა ბოლო დროს ეს შეიცვალა, გაჩნდა საფრთხეები, როდესაც უფლებადამცველებს თავს ესხმიან"- განცხადება ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური მომხსენებელმა გააკეთა. 

მერი ლოლერმა პრესკონფერენციაზე საქართველოში 10-დღიანი ვიზიტი შეაჯამა და თქვა, რომ მესამე სექტორი თავს დაცულად ვერ გრძნობს. 

ისინი ვერ გრძნობენ საქართველოში თავს დაცულად. ამ დროს სახელმწიფომ თავის თავს უნდა ჰკითხოს, რატომ? ტენდენციები შემაშფოთებელია. ხელისუფლების მოჩვენებითი ღიაობა უფლებადამცველების საქმიანობაზე რეალურად შენიღბვას ემსახურება, იმ დისკრედიტაციის კამპანიისა, რომელსაც ისინი სისტემატიურად ეწევიან.  სახელმწიფო არ იცავს უფლებადამცველების უსაფრთხოებას. მათ ფიზიკური თავდასხმების შიში აქვთ"- თქვა მან. 

გაეროს მომხსენებლის განცხადებით, აღმაშფოთებელია, რომ ხელისუფლება უფლებადამცველებს  მტრებად აღიქვამს. მერი ლოლერის თქმით, შემაშფოთებელია, სუს-ის მიერ გავრცელებული ფარული ვიდეო მასალა, რომლითაც ამტკიცებდნენ, რომ თითქოს უფლებადამცველები "გადატრიალებას" აწყობდნენ.

მისი თქმით, აღნიშნულ ჩანაწერს ხელისუფლება მესამე სექტორის დისკრედიტაციისთვის იყენებს. პარალელურად კი ულტრამემარჯვენეები ძლიერდებიან. 

ორგანიზებულ შეთქმულებაზე ამ ჩანაწერში არანაირი მტკიცებულება არ არის. რეალურად კი ეს ყველაფერი უფლებადამცველების კრიმინალიზებას ემსახურებოდა. ამას იყენებენ დისკრედიტაციისთვის. ძალიან შესამჩნევია ამ ფონზე ულტრამემარჯვენე რადიკალი ჯგუფების გაძლიერება, რომლებიც დამატებით რისკებს ქმნიან. თავდასხმებს ვხედავთ ჟურნალისტებზე, ქალ უფლებადამცვებზე. პარლამენტთან შეურაცხყოფელი პოსტერებია გამოკრული, ამ ადამიანებს ჯაშუშებს ეძახიან, როგორ შეიძლება ეს გზავნილები დატოვო პარლამენტის გარშემო?"- დასძინა ლოლერმა. 

გაეროს მომხსენებელი 5 ივლისის ძალადობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, "ტვ პირველის" ოპერატორი ექსტრემალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, დამნაშავეები კი ამ დრომდე დაუსჯელები არიან. მისი თქმით, თავდასხმა იყო წინასწარ, საჯაროდ დაგეგმილი და წაქეზებული

დაუსჯელობის სინდრომი განსაკუთრებით შესამჩნევია, როცა 5 ივლისის მოძალადე ჯგუფები ჯერ ისევ დაუსჯელები არიან. ექსტრემალური ძალადობის მსხვერპლი იყო "ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავაც. ეს თავდასხმა იყო წინასწარ, საჯაროდ დაგეგმილი და წაქეზებული, განსაკუთრებით ეკლესიის მიერ. პრემიერს რომ მაშინ დროული განცხადება გაეკეთებინა, ასეთი მძიმე შედეგი არ გვექნებოდა"- თქვა მომხსენებელმა.