"გინტურის ავტომობილი ისევ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა" - მედიას სოფელი კირბალი დაატოვებინეს
სოფელ კირბალში პრეზიდენტის ჩასვლამდე სამხარეო პოლიციამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სოფელი ჟურნალისტებს დაატოვებინა. მედია ტერიტორიიდან მას შემდეგ გაიყვანეს, რაც ჟურნალისტებმა იპოვეს და ჩაწერეს ხალხი, რომელიც რუსი ოკუპანტების ჩადენილ დანაშაულს აკვირდებოდა და დეტალები იცის.
რაც შეეხება უშუალოდ გამოძიებას, დადგინდა, რომ საქმეს ოქროს მოწმე ჰყავს. საუბარია ადგილობრივზე, რომელმაც მომხდარს საკუთარი თვალით უყურა.
"პირველებმა" კითხვები შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსს დაუსვა, რომელმაც თქვა, რომ გამოძიებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ისაუბრებს. ამის მიუხედავად, პოლიციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ავტომობილი, რომელშიც გინტური ჩაცხრილეს, ამ დრომდე ოკუპანტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა.
ამ ეტაპზე დეტალებს ვერ მოგახსენებთ. მიმდინარეობს გამოძიება და დამატებით ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური აუცილებლად მოგახსენებთ და გაავრცელებს. გამოკითხულია ბევრი მოწმე. მანქანამდე არ მივსულვართ. როგორც კი გვექნება მანქანამდე მისვლის საშუალება, მოგახსენებთ, - ამბობს პოლიციის უფროსი.
საოკუპაციო ძალები კი ამტკიცებენ, რომ ისინი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდნენ, რადგან საქართველოს მოქალაქეები ნაჯახებით იყვნენ შეიარაღებულები და მათ თავს ესხმოდნენ. ამ საკითხთან დაკავშირებით "პირველებმა" კითხვა გუბერნატორს დაუსვა, რომელმაც თქვა, რომ მომხდარის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ფლობს, თუმცა ჯერ-ჯერობით ამაზე ვერ ისაუბრებს.
მიმდინარეობს გამოძიება, ეს არის 109-ე მუხლი, რაც თავის თავში გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობას და ასევე 143-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთას და ჯგუფურად ძალადობას. უკანონოდ თავისუფლება აღკვეთილი ადამიანი გადმოგვცენ, პირველ რიგში, ეს არის. ყველაფერი შესაძლებელია, რომ პასუხისგებაშიც მიეცენ ეს ადამიანები, ვინც ამაში დამნაშავეა. ყველანაირი ინფორმაცია გამაჩნია, მაგრამ ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით, - ამბობს გუბერნატორი.
თამაზ გინტურის სამოქალაქო პანაშვიდზე ცოტა ხნის წინ "ოცნების" წარმომადგენლებიც გამოჩნდნენ, მათ შორის იყო გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც.
აგვისტოს ომის მონაწილე თამაზ გინტური ოკუპანტებმა ჯერ ლევან დოთიაშვილთან ერთად სასტიკად სცემეს, გაქცევა რომ ვერ მოესწროთ ავტომობილის საბურავები დაუცხრილეს, შემდეგ კი 5 ტყვია მიჯრით ესროლეს.