რუსულმა რეჟიმმა აგვისტოს ომის გმირი მამის საფლავთან, ეკლესიის ეზოში ჩაცხრილა - ქვეყანა თამაზ გინტურს გლოვობს
თამაზ გინტურს თავს ცხრა ოკუპანტი დაესხა - საქართველოს მოქალაქეს ზურგში ორი ტყვია ესროლეს. დღეს მთელი ქვეყანა რუსების მიერ ჩაცხრილულ ქართველს გლოვობს. შეიარაღებულმა რუსებმა თამაზ გინტურს ჩასაფრება მოუწყვეს. მამის საფლავიდან წამოსული ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი მოკლეს. ბოლოს, ცხედარი პიკაპით სოფელში ჩაიტანეს.
"ეს არის აგვისტოს ომის მონაწილის წინააღმდეგ შურისძიება"- უთხრა ჟურნალისტებს დღეს თამაზ გინტურის ძმამ.
სასტიკ მკვლელობას ბინოკლით ერთ-ერთი ადგილობრივი უყურებდა. ის დანაშაულის პირდაპირი თვითმხილველი და ოქროს მოწმეა, თუმცა ამ დრომდე არ ვიცით, გამოიკითხეს თუ არა სამართალდამცველებმა ვალერ ხარხელია და რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება.
დღეს ჟურნალისტებს კირბალი დაატოვებინეს. სოფელში გლოვაა. მოკლული გინტურის ოჯახისთვის სამძიმრის სათქმელად კი დღეს არც პრემიერი, არც პარლამენტის თავმჯდომარე და არც რომელიმე მინისტრი ჩასულა. საზღვრისპირა სოფელში უმაღლესი ხელისუფლებიდან მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი იმყოფებოდა.
გლოვა კირბალში - ლიზა ლასარეიშვილის სპეციალური რეპორტაჟი