ევროპის ქვეყნები მზად იყვნენ სპეცსამსახურების ის თანამშრომლები შეეფარებინათ, ვინც კონტრდაზვერვაში მუშაობდნენ - ჯაფარიძე
"ოცნება არის ანტიქართული ხელისუფლება. პრობლემა არის ის, რომ ამ ყველაფერს იტანენ ჩვენი თანამოქალაქეები," - ეს განცხადება გია ჯაფარიძემ "რეაქციაში" გააკეთა.
როგორც ჯაფარიძე ამბობს, 11 წლის თავზე ხელისუფლება უნდა მიმხვდარიყო, რომ ის პოლიტიკა, რაც რუსეთთან ურთიერთობის დროს აირჩია, არასწორია.
11 წელია მართავენ ამ ქვეყანას, 11 წლის განმავლობაში აქვთ გაუგებარი პოლიტიკა რუსეთთან, დავუშვათ, რომ ჰქონდათ კეთილი განზრახვები - არ შეიძლება, რომ ვცხოვრობდეთ ამ ინფანტილიზმით, რუსეთს, ვინც არ უნდა დავუსვათ - იყო გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი - რუსეთს არავინ მოეწონება. უბრალოდ რუკას უნდა დავხედოთ, რუსეთს აქვს თავისი მუდმივი და გრძელვადიანი ინტერესები, რუსეთს აღიზიანებს დამოუკიდებელი, თავისუფალი, თუნდაც შეზღუდული სუვერენიტეტით, მაგრამ სუვერენული საქართველო.
11 წლის თავზე მაინც ხომ შეიძლება გამოვიდეს ვინმე და თქვას, ამან არ მოიტანა შედეგი. რას ვეძახით სტრატეგიულ მოთმინებას, პრაგმატულ პოლიტიკას, 11 წლის თავზე მდგომარეობა გაუმჯობესებულია თუ გაუარესებულია. ეს არის ის მემკვიდრეობა, რომელიც რომელიმე მთავრობამ კი არ დატოვა. ეს არის რუსების მიერ დატოვებული მემკვიდრეობა, და თუ მთავრობა ნებისმიერ მემკვიდრეობას ვერ უვლის, უნდა წავიდეს და მოვიდნენ ის ადამიანები, რომლებიც 90-იანების დატოვებულ მემკვიდრეობას მოუვლიან,“ - ამბობს გია ჯაფარიძე.
ჯაფარიძე "რეაქციაში" იხსენებს ელჩებთან შეხვედრას, რომელიც 2013 წელს შედგა და სადაც ელჩებმა მზაობა გამოხატეს, რომ შეეფარებინათ სპეცსამსახურების ის წარმომადგენლები, რომლებიც რუსეთის დივერსიული ჯგუფების განეიტრალებაზე მუშაობდნენ. ჯაფარიძის თქმით, ქართველ მებრძოლებზე რუსეთს "ნადირობა" აქვს გამოცხადებული.
მქონდა ასეთი საუბარი 2013 წელს, აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების ელჩებთან, რომლებმაც გარკვეული პერიოდის შემდეგ მითხრეს, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება, ის ადამიანები, რომლებიც სპეციალურ სამსახურებში იმყოფებოდნენ - კონტრდაზვერვაში და მონაწილეობდნენ რუსული დივერსიული ჯგუფების ნეიტრალიზაციისთვის, ამ ადამიანების შეფარებას ვაპირებთ.
მიზანმიმართული ნადირობა მიმდინარეობს სპეციალური დანიშნულების იმ მებრძოლებზე, რომლებიც სხვადასხვა დროს - 2008 წლის ომში, მანამდე თუ შემდეგ მონაწილეობდნენ რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი მხრიდან სწორად და სამართლიანად გაკეთებულ ოპერაციებში.
ქმნიან ასეთ სურათს, სამწუხაროა, რომ არ ექცევა ამას იმდენი ყურადღება - წლების განმავლობაში ხოცავდნენ ამ სურათს, რომ თითქოს ისინი იხოცებოდნენ გაურკვეველ ვითარებაში. არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, რომ ეს ადამიანები არიან მოკლული საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.