ყველაზე დიდი გამოსავალი არის ის, რომ ქვეყანას მოვუტანოთ ბევრი NATO და ევროკავშირი, ეს გადაგვარჩენს - გიგაური
„ყველაზე დიდი გამოსავალი არის ის, რომ ჩვენ ჩვენს ქვეყანას უნდა მოვუტანოთ ბევრი NATO და ევროკავშირი, ეს გადაგვარჩენს,“ - ეს განცხადება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა გააკეთა.
გიგაურის თქმით, მოსახლეობას ყოველთვის სწორი რეაქცია აქვს, როდესაც საქმე ქვეყნის მომავალს ეხება.
ვიცით, ვინ არიან ქართულ ოცნებაში, ვიცით, დამოკიდებულება რუსეთის სახელმწიფოსთან, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, უნდა ვილაპარაკოთ, რას ვშვრებით ამ მოცემულობაში. ყველაზე დიდი გამოსავალი არის ის, რომ ჩვენ ჩვენს ქვეყანას უნდა მოვუტანოთ ბევრი ნატო და ევროკავშირი, ეს გადაგვარჩენს ჩვენ და ჩვენს ქვეყანას და მოიტანს უკეთეს მომავალს - მშვიდობას, უსაფრთხოებას,“ - განაცხადა გიგაურმა.
რაც შეეხება იმას, გადის თუ არა სახელმწიფო უწყებებიდან ინფორმაცია რუსეთის სპეცსამსახურებთან, ეკა გიგაური ამას არ გამორიცხავს.
ჩვენ გვავიწყდება, რომ გვყავს კონკრეტული ადამიანი, მაღალჩინოსანი დასანქცირებული რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობისთვის. რეალურად, ეს იყო ერთ-ერთი გავლენიანი პირი, მთავარი პროკურორი და გასაგებია, რომ მას ექნებოდა წვდომა ინფორმაციაზე, როცა თანამდებობაზე იყო ან როცა წავიდა, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, ის მხოლოდ ერთი არ იყო, მის გარშემო იყვნენ ადამიანები, ვინც სავარაუდოდ, მის და რუსეთის სასარგებლოდ მუშაობდნენ. უნდა გვახსოვდეს, რომ მთავრობაში არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც მუშაობენ და მუშაობდნენ რუსეთის სპეცსამსახურებზე და ცხადია, ეს ყველაფერი სიმართლესთან შეიძლება იყოს ახლო, რომ კონკრეტული ინფორმაციები გადის უწყებებიდან,“ - ამბობს ეკა გიგაური.