NATO მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების შეზღუდვა და დარღვევა და გაიყვანოს მისი ძალები საქართველოდან - კოლომინა
"ვგმობთ რუსი მესაზღვრეების მიერ კირბალში საქართველოს ერთი მოქალაქის მკვლელობას და მეორის გატაცებას", - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელში წერს.
ვგმობთ რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოში, კირბალში საქართველოს ერთი მოქალაქის მკვლელობას და მეორის გატაცებას, და მოვუწოდებთ იგი დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ.
ნატო მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების შეზღუდვა და დარღვევა და გაიყვანოს მისი ძალები საქართველოდან”, - წერს კოლომინა.
თამაზ გინტური ოკუპანტებმა ომიდან 13 წლის შემდეგ კირბალის ლომისას სალოცავთან, საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. ირკვევა, რომ საქართველოს მოქალაქეს მკვლელობაში ცხრა რუსი ოკუპანტი მონაწილეობდა.
ოკუპანტების სამიზნე გახდა ლევან დოთიაშვილიც, საქართველოს მოქალაქე ამ დრომდე გატაცებულია. ოჯახი დახმარებას ითხოვს, მათთვის უცნობია, როგორია გატაცებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა.