ისტორიული ვერდიქტის დღე - რა რეკომენდაციას გასცემს ევროკომისია
ისტორიული ვერდიქტის დღე - ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში რამდენიმე საათში გამოქვეყნდება.
"პირველების" ინფორმაციით, საქართველოს შესახებ დოკუმენტში 100 გვერდი და 34 თავი იქნება.
რა რეკომენდაციას გასცემს ევროკომისია - ეს არის ახლა მთავარი კითხვა თბილისშიც და ბრიუსელშიც.
არაოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ სტატუსის მინიჭების შემთხვევაში ევროკავშირის პირობები მძიმე იქნება და ეს მხოლოდ 12 რეკომენდაციას არ ეხება. ერთ-ერთი მთავარი დათქმა 2024 წლის არჩევნებს შეეხება, რომელმაც საქართველოს ევროპული მომავალიც უნდა გადაწყვიტოს.
სწორედ არჩევნებზე იქნება დამოკიდებული გაიხსნება თუ არა ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყების ფანჯარა. ამ გადაწყვეტილებას ბრიუსელი მომავალი წლის ბოლოს მიიღებს.
კიდევ ერთი სავარაუდო პირობა იქნება საგარეო კურსის თანხვედრა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან, თუმცა "ქართულმა ოცნებამ" დღეს წინსწრებით დააანონსა, რომ რუსულ სანქციებს ქვეყანა არ მიუერთდება. "მაშინ მოგვეცით სამხედრო და ეკონომიკური გარანტიები" - ეს იყო დღეს პარლამენტის თავმჯდომარის პირობა.
ევროკავშირის გაფართოების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დაესწრება.
იქ იქნება საგარეო საქმეთა მინისტრის, ბატონი ილია დარჩიაშვილის მორიგი ვიზიტი. ეს ვიზიტი არის უაღრესად მნიშვნელოვანი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ევროკომისია გეგმავს თავისი გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნებას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს არის გაფართოების პაკეტის ფარგლებში პირველი ანგარიში, რომელიც საქართველოს მიმართებით კეთდება და რა თქმა უნდა, ასევე ანგარიშის ფარგლებში ევროკომისია დააფიქსირებს თავის რეკომენდაციას საქართველოსადმი კანდიდატის სტატუსის მინიჭება- არ მინიჭებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ბუნებრივია, შეხვედრები გაიმართება ევროკომისიის წარმომადგენლებთან და შეხვედრის საგანი იქნება ევროკომისიის ანგარიში, 12 პრიორიტეტის შესრულება, - ამბობს საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ბელგიასა და ლუქსემბურგში ვახტანგ მახარობლიშვილი.