"ქართველი ხალხი სტატუსს იმსახურებს" - რა მოლოდინი აქვს მესამე სექტორს

08.11.23 11:25
"ქართველი ხალხი სტატუსს იმსახურებს" - რა მოლოდინი აქვს მესამე სექტორს

ევროკომისიის ვერდიქტის მოლოდინშია არასამთავრობო სექტორიც. უფლებადამცველები და იურისტები, ვინც თვეების განმავლობაში "ოცნებას" რეკომენდაციების შესრულებას სთხოვდა, დღეს ფიქრობენ, რომ რომ ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად,  ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს, გადაწყვეტილება მაინც დადებითი იქნება.

ჩვენ ვიცით, რომ ბევრი გამოწვევა გვაქვს, ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ სტატუსი არ მივიღოთ, მაგრამ მე პირადად ვაკეთებდი ყველაფერს იმისთვის, რომ სტატუსიო მიიღოს ქვეყანამ და იმ ადამიანებმა, რომლებმაც თავისი დაუღალავი შრომით გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ ქვეყანა აშენებულიყო. ეს ადამიანები ამას იმსახურებენ და მე მაინც მგონია, რომ იქნება პოზიტიური გადაწყვეტილება თუ ახლა არა, დეკემბერში მაინც, - ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური. 
 

კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი უჩა ნანუაშვილიც. ყოფილი უფლებადამცველი ამბობს, რომ ქართველი ხალხი ამას იმსახურებს.  

საქართველო, იმედი მაქვს, რომ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს პირველ რიგში, ქართველი ხალხის ბრძოლა ევროკავშირისთვის, ევროპული ღირებულებებისთვის, ადამიანის უფლებებისთვის და მეორე საკითხია, რომ რა პირობებით მოხდება ამ სტატუსის მიღება, იმიტომ, რომ ჩვენ მოგვიწევს ძალიან ბევრი რამის გაკეთება იმისთვის, რომ ქვეყანაში, ზოგადად, გარემო შეიცვალოს მომავალი წლის არჩევნებამდე, - ამბობს ნანუაშვილი.

ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში რამდენიმე საათში გამოქვეყნდება. "პირველების" ინფორმაციით, საქართველოს შესახებ დოკუმენტში 100 გვერდი და 34 თავი  იქნება. რა რეკომენდაციას გასცემს  ევროკომისია  - ეს არის ახლა მთავარი კითხვა თბილისშიც და ბრიუსელშიც.

 

მსგავსი სიახლეები