კანდიდატის სტატუსი 9 დათქმით - რას გეგმავს ევროკომისია
რადიო თავისუფლების წყაროების ცნობით, ევროკომისია აპირებს, რომ დღეს, 8 ნოემბერს, გასცეს რეკომენდაცია: საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი - მნიშვნელოვანი დათქმებით.
ბრიუსელში რადიო თავისუფლების წყაროების თანახმად, ევროკომისრები ამ დროისთვის შეთანხმებული არიან, საქართველოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან გაუწიონ რეკომენდაცია, რომ მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით, რომ ქვეყანა ცხრა მიმართულებით გადადგამს ნაბიჯებს.
ცხრა ნაბიჯიდან ზოგიერთი აგრძელებს 2022 წლის ივნისში ევროკომისიის მიერ გაცემულ 12 რეკომენდაციას, ზოგიერთი კი სრულიად ახალია.
ახალია დათქმა ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლაზე.
ევროკომისია ასევე ყურადღებას ამახვილებს საჭიროებაზე, რომ საქართველომ თავისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროკავშირისას დაუახლოოს.
ამჟამად ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის მაჩვენებელი დაახლოებით 43%-ია, როდესაც ორიოდე წლის წინ 60%-ს აჭარბებდა. გაცილებით მაღალია მოლდოვისა და უკრაინის მაჩვენებლები.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, რეკომენდაციებიდან დათქმებში გადმოინაცვლებს:
- პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა;
- სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა - განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში;
- ქვეყანაში ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლების გაუმჯობესება - და ცესკოსთან ერთად, ჩამონათვალს დაემატებიან ეროვნული ბანკი და კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია;
- სასამართლო რეფორმა - მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა;
- კორუფციასთან ბრძოლა;
- დეოლიგარქიზაცია;
- ადამიანის უფლებების, უმცირესობების, მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების უფლებების დაცვა.