"მწვანე შუქის ანთება მკაცრი დათქმებით" - სალომე სამადაშვილი ბრიუსელიდან

08.11.23 13:17
"მწვანე შუქის ანთება მკაცრი დათქმებით" - სალომე სამადაშვილი ბრიუსელიდან

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე რეკომენდაციას გარკვეული დათქმებით მიიღებს. მისი თქმით, პირობები მკაცრი იქნება და ერთ-ერთ პრიორიტეტად სამართლიანი არჩევნების ჩატარება დასახელდება. 

ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ ევროკომისია საქართველოსგან ასევე საგარეო პოლიტიკური კურსის მათთან თანხვედრას მოითხოვს. 

ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გეოპოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე უმჯობესი იქნება, რომ პირობების დათქმით გაიცეს რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და სავარაუდოდ, სწორედ ეს ანგარიში გამოქვეყნდება დღეს. თუმცა ეს იქნება მკაცრი პირობების დაწესების თანხლებით კანდიდატის სტატუსზე მწვანე შუქის ანთება ევროკომისიის მხრიდან. ამ პირობებში შევა არა მხოლოდ დღემდე შეუსრულებელი ვალდებულებების შესრულება, არამედ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გასახსნელად სამართლიანია და თავისუფალი არჩევნების ჩატარება და შესაბამისად, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ პოლიტიკასთან, - ამბობს სალომე სამადაშვილი.

შეგახსენებთ, რომ "ლელოს" ლიდერი ბრიუსელში იმყოფება.  

ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში რამდენიმე საათში გამოქვეყნდება. "პირველების" ინფორმაციით, საქართველოს შესახებ დოკუმენტში 100 გვერდი და 34 თავი  იქნება. რა რეკომენდაციას გასცემს  ევროკომისია  - ეს არის ახლა მთავარი კითხვა თბილისშიც და ბრიუსელშიც.

მსგავსი სიახლეები