ცესკო შესანიშნავად მუშაობს, გულდასაწყვეტი იქნება თუ EU-დან შენიშვნები იქნება - ვოლსკი
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ ევროკომისიის რეკომენდაციები პირნათლად შეასრულა. სახელისუფლებო გუნდის წევრი ირწმუნება, რომ არ არსებობს მიმართულება, რომელშიც "ოცნებას" წინსვლა არ ჰქონდეს.
ამასთან, ვოლსკი ევროკომისიისგან არ კრიტიკას გამორიცხავს და ამბობს, რომ გულდასაწყვეტი იქნება, თუ მათ შენიშვნები საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებით ექნებათ.
რასაკვირველია, უნდა ველოდოთ რეკომენდაციასაც, უნდა ველოდოთ კრიტიკასაც, მაგრამ ძირითადად, შესრულებულია ეს რეკომენდაციები და ვფიქრობ, რომ მართლმსაჯულების თემასთან დაკავშირებით სასამართლო რეფორმების თემასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი გვაქვს სალაპარაკო. ძალიან გულდასაწყვეტი იქნება, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ იყოს რაღაც შენიშვნები, ვინაიდან შესანიშნავად მუშაობს ეს სტრუქტურა, კორუფციასთან ბრძოლის თემაშიც საკმაოდ მძლავრად ვართ და არ არსებობს პრაქტიკულად, არცერთი მიმართულება, სადაც შეიძლება არ ვილაპარაკოთ სერიოზულ წინ გადადგმულ ნაბიჯებზე, - თქვა ვოლსკიმ.
ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში რამდენიმე საათში გამოქვეყნდება. "პირველების" ინფორმაციით, საქართველოს შესახებ დოკუმენტში 100 გვერდი და 34 თავი იქნება. რა რეკომენდაციას გასცემს ევროკომისია - ეს არის ახლა მთავარი კითხვა თბილისშიც და ბრიუსელშიც.