ზურაბიშვილმა ქვეყანას ზურგში დანა ჩაარტყა - ვოლსკი ბოდიშის მოხდას არ აპირებს
გიორგი ვოლსკის პრეზიდენტისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს. დეპუტატი, რომელმაც გუშინ თქვა, რომ პრეზიდენტს თამაზ გინტურის მკვლელობა გაუხარდა, დღეს ამტკიცებს, რომ მისი ნათქვამი არასწორად გაიგეს.
ამასთან, სახელისუფლებო გუნდის წევრი ამბობს, რომ ზურაბიშვილმა ქვეყანას ზურგში დანა არაერთხელ ჩაარტყა.
მე ვთქვი, რომ იმ ადამიანებთან ერთად დგას, ვისაც ეს გაუხარდა. შაქარაშვილის სიკვდილი, ის უბედურება, რაც იმ ოჯახს დაატყდა, იმ გოგონამ თავი რომ მოიკლა, თუნდაც იმ ჟურნალისტის გარდაცვალების თემა, პანდემია მოვიგონოთ, ფაროსანას შემოსევა მოვიგონოთ და ეს იყო სიხარული, რომელიც გამოიხატებოდა კონკრეტულ დესტრუქციულ ქმედებებში.
უპატიებელი იყო ის, რაც მან (პრეზიდენტმა) 26 მაისს ილაპარაკა ტრიბუნიდან. ახალწვეულების წინაშე გამოვიდა და იმის მაგივრად, რომ თავდადებისკენ, პროფესიონალიზმისკენ მოეწოდებინა, ხალხისთვის, უცხოელების თანდასწრებით ხაზი გაუსვა იმას, რომ დღეს აქ რუსეთის ინტერესები პრივალირებს ქვეყანაში, რომლის ნაწილიც უკვე ოკუპირებულია და აი, ამ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას კიდევ ერთხელ ჩაარტყა ზურგში დანა, - ამბობს ვოლსკი.
"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტზე თავდასხმის ახალი კამპანია დაიწყო. ჯერ ზურაბიშვილი დაადანაშაულეს, რომ მას ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობა გაუხარდა, მერე კი პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შეკრება გააკრიტიკეს. პრეზიდენტის იდეა, რომელიც ევროპული მომავლისთვის ხელმოწერების შეგროვებას ეხება, "ოცნება" ისე გააღიზიანა, რომ მას "უმსგავსო" უწოდეს და თქვეს, რომ ზურაბიშვილის უმსგავსობა ყოველ ჯერზე ახლა რეკორდებს ხსნის.
სალომე ზურაბიშვილმა დღეს 8 ოქტომბერს 8 საათზე დიდი შეკრება დააანონსა. პრეზიდენტი ათონელის რეზიდენციაში ელოდება პოლიტიკოსებს და რიგით მოქალაქეებს, რათა მათთან ერთად შეხვდეს იმ ისტორიულ მოვლენას, როდესაც ევროკავშირი საქართველოს შესახებ პირველ შუალედურ დასკვნას დადებს.