პრეზიდენტი სასოწარკვეთილია, უნდა, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული წარმატება მიიწეროს - სეფაშვილი
პრეზიდენტზე თავდასხმების სერია გრძელდება. "ოცნების" შემდეგ სალომე ზურაბიშვილს უკვე "ხალხის ძალის" წევრი ეკა სეფაშვილი აკრიტიკებს და ამბობს, რომ ის "რადიკალური ოპოზიციის" გვერდით დგას.
ამასთან, "ოცნების" დანაყოფის წევრი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის სასოწარკვეთილია და ახლა ცდილობს, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული ხელისუფლების წარმატება საკუთარ თავზე მიიწეროს.
დიდი ხანია სალომე ზურაბიშვილი იმ რადიკალური ოპოზიციის გვერდით დგას და სწორედ იმ რადიკალური ოპოზიციის ნარატივს იმეორებს. მისი გუშინდელი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც მიტინგს აწყობს რეზიდენციის წინ, ეს არის მხოლოდ მისი სასოწარკვეთილი მცდელობა, რომ ხელისუფლების და მმართველის პარტიის ის დამსახურება, რომელმაც ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენ მივაღწიეთ და რაც არის დაკავშირებული ჩვენს პოზიტიურ მოლოდინთან სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, ეს სტატუსის მიღება მიიწეროს თვითონ და ისე წარმოაჩინოს, რომ ვითომ მის არაკონსტიტუციურ ვიზიტებს მოჰყვა სტატუსის მინიჭება, - ამბობს ეკა სეფაშვილი.
"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტზე თავდასხმის ახალი კამპანია დაიწყო. ჯერ ზურაბიშვილი დაადანაშაულეს, რომ მას ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობა გაუხარდა, მერე კი პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შეკრება გააკრიტიკეს. პრეზიდენტის იდეა, რომელიც ევროპული მომავლისთვის ხელმოწერების შეგროვებას ეხება, "ოცნება" ისე გააღიზიანა, რომ მას "უმსგავსო" უწოდეს და თქვეს, რომ ზურაბიშვილის უმსგავსობა ყოველ ჯერზე ახლა რეკორდებს ხსნის.
სალომე ზურაბიშვილმა დღეს 8 ოქტომბერს 8 საათზე დიდი შეკრება დააანონსა. პრეზიდენტი ათონელის რეზიდენციაში ელოდება პოლიტიკოსებს და რიგით მოქალაქეებს, რათა მათთან ერთად შეხვდეს იმ ისტორიულ მოვლენას, როდესაც ევროკავშირი საქართველოს შესახებ პირველ შუალედურ დასკვნას დადებს.