მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულ საბოტაჟს ახორციელებდა, ევროინტეგრაციის და ამ კონკრეტულ ეტაპზე კანდიდატის სტატუსის მიღების, ჩვენ ყოველთვის ოპტიმისტურად ვიყავით განწყობილი - ბოკუჩავა
მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ხელისუფლება მიზანმიმართულ საბოტაჟს ახორციელებდა, ქვეყნის ევროინტეგრაციის და ამ კონკრეტულ ეტაპზე კანდიდატის სტატუსის მიღების, ჩვენ ყოველთვის ოპტიმისტურად ვიყავით განწყობილი გამომდინარე იქიდან, რომ ევროპის ყველა ლიდერი ამბობდა, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სტატუსის მიღების შემდეგ ბევრი რეფორმა იქნება განსახორციელებელი, რომელიც „ოლიგარქიული მმართველობის, ივანიშვილის რეჟიმში ვერ და არ იქნება“.
„მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ხელისუფლება მიზანმიმართულ საბოტაჟს ახორციელებდა ქვეყნის ევროინტეგრაციის და ამ კონკრეტულ ეტაპზე კანდიდატის სტატუსის მიღების, ჩვენ ყოველთვის ოპტიმისტურად ვიყავით განწყობილი იქიდან გამომდინარე, რომ ევროპის ყველა ლიდერი ამბობდა - ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ნამდვილად იმედი გვქონდა და გვაქვს დღესაც, როდესაც სულ რამდენიმე საათში გახდება ცნობილი ევროკომისიის გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს საბოლოო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც დეკემბერში იქნება, რომ ქართველი ხალხის ხმა იქნებოდა უფრო ძლიერი, ხმამაღალი და სწორედ ქართველი ხალხის დამსახურებით ევროკავშირი მისცემდა საქართველოს ამ შესაძლებლობას, რომ ისტორიულ მომენტში კანდიდატის სტატუსი, რა თქმა უნდა, შემდეგ განვახორციელოთ ძალიან ბევრი რეფორმა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ უკვე გაიხსნას მოლაპარაკების პროცესი. ყველას კარგად ესმის, რომ ამის გაკეთების პოლიტიკური ნება ოლიგარქიული მმართველობის ივანიშვილის რეჟიმში ვერ იქნება და არ იქნება, ამიტომ, რა თქმა უნდა, შემდგომ, ეს ვალდებულებები ისევ ჩვენი განსახორციელებელია, ეს რეფორმები ჩვენი გასატარებელია, მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პროდასავლური კოალიციური მთავრობა ძალიან დიდი წარმატებით გაივლის ამ გზას ქართველ ხალხთან ერთად.
პირობები იქნება არა ქართველი ხალხის მიმართ, არამედ მთავრობის მიმართ, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა, რომ განახორციელოს რეფორმები. დღეს ჩვენ გვყავს ოლიგარქიული რეჟიმი, რომელსაც არ აქვს სურვილი რეფორმების განხორციელების და ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ამ რეფორმების განხორციელება მოუწევს ახალ, დემოკრატიულ კოალიციურ, დასავლურ ხელისუფლებას, რომელიც საქართველოს ეყოლება ქართველი ხალხის არჩევანით, მომავალი არჩევნების შემდეგ.
საგარეო კურსის თანხვედრა ევროკავშირთან, რომელიც ახლა ივანიშვილის გამო აცდენილია ევროკავშირის საგარეო კურსს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც ევროპელი ლიდერები ახლაც საუბრობენ სტატუსის კონტექსტში, ამიტომ, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე იქნება საუბარი ისევე როგორც იმ რეფორმებზე, რომელიც ეხება მართლმსაჯულების სისტემას, თავისუფალ მედიას, სამოქალაქო სექტორის ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, დეოლიგარქიზაციას, როგორც განმარტეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა - „დებიძინიზაციას“ ნიშნავს და დეპოლარიზაციას, რომლის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რა თქმა უნდა, არის პრეზიდენტი სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი, რადგან რთულია ვისაუბროთ დეპოლარიზაციაზე მაშინ, როდესაც რეჟიმის მთავარი ოპონენტი, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეებით იმყოფება უკანონო პატიმრობაში, ეს მოიაზრება ყოველთვის , როდესაც საუბარია დეპოლარიზაციაზე. არჩევნების თემაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, იცით რომ დღევანდელი გადაწყვეტილება არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს არის ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკვე დეკემბერში საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამიტომ რთულია საუბარი იმაზე, კონკრეტიკა იქნება თუ არა არჩევნებთან მიმართებაში, თუმცა, რა თქმა უნდა, ბრიუსელს ძალიან კარგად ესმის, რომ ამ რეჟიმს რეფორმების განხორციელების სურვილი და პოლიტიკური ნება არ გააჩნია, რადგან სწორედ იმ უკანონობაზე დგას დღევანდელი რეჟიმი, რომელსაც არ ცვლის რეფორმების გზით ივანიშვილი, თუმცაღა მომავალი ხელისუფლება ბუნებრივია ამას აქცევს პრიორიტეტად იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი თაროზე შემოდებულ ქაღალდზე კი არ იქცეს, არამედ გახდეს შანსი საქართველოსთვის, რომ გახსნას ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე და საქართველომ მიიღოს ყველა ის სიკეთე, რომელიც თან ახლავს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ