მთავარი ბრძოლა წინაა, ოლიგარქის ხელისუფლების მოშორება ევროკავშირის წევრობისკენ გზას გახსნის - სააკაშვილი

08.11.23 16:56
მთავარი ბრძოლა წინაა, ოლიგარქის ხელისუფლების მოშორება ევროკავშირის წევრობისკენ გზას გახსნის - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართველ ერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს და ამბობს, რომ სტატუსი ქართველი ხალხის დაუოკებელი მისწრაფების დამსახურებაა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბრძოლა გრძელდება, ქართველმა ხალხმა "ოლიგარქის ხელისუფლების" მმართველობა 2024 წელს უნდა დაასრულოს.

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენაა და ყველა ქართველს მისალოცად აქვს საქმე.

სტატუსი, პირველ რიგში, ქართველი და უკრაინელი ხალხების დიდი დამსახურებაა.

ჩვენი ისტორიული მისწრაფების გამო იმიტომ, რომ აიძულა შარშან ხელისუფლებას, შეეტანა სტატუსზე განაცხადი და იმიტომ, რომ 2013 წლამდე საქართველო ჩვენს დიდ რეგიონში ევროპის იდეის პიონერი და ლიდერი იყო.

მინდა ყველას შევახსენო, რომ პირველად საფრანგეთის პრეზიდენტმა სარკოზიმ 2011 წელს თბილისში გამოსვლისას თქვა, რომ საქართველო გახდებოდა ევროკავშირის წევრი. ხოლო უკრაინელი ხალხის იმიტომ, რომ მისმა გმირულმა წინააღმდეგობამ მთლიანად შეცვალა გეოპოლიტიკა, გამოაღვიძა ევროპა, გააღებინა მას ფართოდ კარები.

სტატუსის მინიჭება ევროპარლამენტში, ევროკომისიაში, ნაციონალურ პარლამენტებში და სხვადასხვა მთავრობებში მყოფი ჩვენი მრავალრიცხოვანი მეგობრების დამსახურებაა. საქართველოს ხელისუფლების დამსახურება იმაშია, რომ მან ხალხის ზეწოლის ქვეშ შეიტანა განაცხადი და კიდევ კარგი უკან არ გაიტანა.

ჩვენ მთავარი ბრძოლა არის წინ - ოლიგარქის ხელისუფლების მოშორება და ეს ჩვენი გასაკეთებელია. სწორედ ამ ხელისუფლების მოშორება გაგვიხსნის გზას ევროკავშირის წევრობისკენ - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. გადაწყვეტილება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა.  

მსგავსი სიახლეები