მივმართავ ევროპარლამენტს, გაიმართოს დებატები და მიიღოს შესაბამისი რეზოლუცია - ფოტიგა კირბალზე

09.11.23 10:29
მივმართავ ევროპარლამენტს, გაიმართოს დებატები და მიიღოს შესაბამისი რეზოლუცია - ფოტიგა კირბალზე

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ სოფელ კირბალთან რუსი საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული აგვისტოს ომის მონაწილის, თამაზ გინტურისა და გატაცებული ლევან დოთიაშვილის საკითხის განხილვის მიზნით ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს მიმართა.

6 ნოემბერს, საქართველოს ორი მოქალაქე, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი იმყოფებოდნენ ლომისის ეკლესიაში, რომელიც ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობს. მათ ასევე სურდათ, ეკლესიის სიახლოვეს მდებარე სასაფლაოს მონახულება. ამ დროს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ერთ-ერთი მათგანი, თამაზ გინტური საქართველოს ტერიტორიაზე მოკლეს, ხოლო მეორე ადამიანი მძევლად აიყვანეს და საოკუპაციო ძალების საპატიმრო დაწესებულებაში, ცხინვალში გადაიყვანეს. მივმართავ ევროპარლამენტს, გაიმართოს დებატები მომხდართან დაკავშირებით და მიიღოს შესაბამისი რეზოლუცია - აღნიშნა ფოტიგამ.

ევროპარლამენტი კირბალში მომხდარ მკვლელობას, სავარაუდოდ, 21 ნოემბრის სესიაზე განიხილავს, რომელიც სტრასბურგში გაიხსნება.

თამაზ გინტური ოკუპანტებმა ომიდან 15 წლის შემდეგ კირბალის ლომისას სალოცავთან, საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. ირკვევა, რომ საქართველოს მოქალაქეს მკვლელობაში ცხრა რუსი ოკუპანტი მონაწილეობდა. 

ოკუპანტების სამიზნე გახდა ლევან დოთიაშვილიც, საქართველოს მოქალაქე ამ დრომდე გატაცებულია. ოჯახი დახმარებას ითხოვს, მათთვის უცნობია, როგორია გატაცებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა.