"ოცნებას" მშვიდობიანად გავისტუმრებთ"- "ლელოს" ლიდერები შტატებში ოფიციალურ შეხვედრებს აგრძელებენ
"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე აშშ-ს პრეზიდენტის აღმასრულებელ ოფისში, სავაჭრო პალატის ევროპის და ახლო აღმოსავლეთის დირექტორს კაროლ დე მილერს შეხვდა.
კონგრესმენთან საუბარი ძირითადად შეეხო მომავალ არჩევნებს და აშშ-ს გააქტიურებას და ინტენსიურ ჩართულობას საქართველოში მიმდინარე პროცესებში.
მამუკა ხაზარაძემ და კონგრესმენმა მილერმა დეტალურად ისაუბრეს რუსულ პოლიტიკაზე და ქართული ოცნების რუსული მოქმედების მეთოდებზე, რაც მრავალი მიმართულებით გამოიხატება, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა კორუფციაა. "ლელოს" თავმჯდომარემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ არჩევნებში დასავლური, დემოკრატიული ძალების გამარჯვების შემდეგ, კორუფციაში ჩართულ და დაუსაბუთებლად გამდიდრებულ ყველა ჩინოვნიკს, რომელმაც ოჯახის წევრებზე და ნათესავებზე გადააფორმა ქონებები, დამოუკიდებელი პროკურატურის და საზოგადოებრივი კონტროლის ქვეშ მოუწევს პასუხის გება, რათა საქართველოში დამთავრდეს კორუფცია და რუსული მეთოდებით პოლიტიკის წარმოება.
პარტიის ლიდერი მამუკა ხაზარაძე "პირველებთან" აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიისთვის ხელისუფლებიდან წასვლა ტრაგედიის ტოლფასი იქნება, თუმცა ოპოზიციონერი დარწმუნებულია, რომ "ლელო" ივანიშვილის პოლიტიკური მემკვიდრეობის მშვიდობიანად გასტუმრებას შეძლებს.
"ლელოს" ლიდერი მიიჩნევს, რომ რუსეთი ყოველგვარი გზით შეეცდება "ქართული ოცნებისთვის" ძალაუფლების შენარჩუნებას, თუმცა ამ შემთხვევაში, გარდამტეხი როლი პროევროპულმა ძალებმა უნდა ითამაშონ.
მე არ მჯერა, რომ "ქართული ოცნება" მშვიდობიანად დათმობს ხელისუფლებას. მათთვის ხელისუფლებიდან წასვლა არის ტრაგედია და აგიხსნით რატომ - ჩვენ ვიცით, რომ ბოლო წლების განმავლობაში, "ქართული ოცნების" დროს უზარმაზარი და უამრავი კორუფციული სქემები იქნა შექმნილი, რომლებიც პირდაპირ გულისხმობს ჩვენი ბიუჯეტის ძარცვას, ამიტომ მე ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში, როდესაც დამოუკიდებელი პროკურატურა იქნება შექმნილი დამოუკიდებელი გენერალური პროკურორის თავმჯდომარეობით, რომელიც არცერთ პარტიას არ დაექვემდებარება და ექნება სრული პოლიტიკური მხარდაჭერა, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი საქმის მომსწრეები გავხდებით და ბევრი ადამიანი, რომელმაც უშრომლებად მიიღო შემოსავალი და გააფორმა თავის ოჯახის წევრებზე. ამ ადამიანებს მოუწევთ პასუხის გაცემა. შესაბამისად, "ქართული ოცნების" წასვლა ეს ნიშნავს, რუსული პოლიტიკის წასვლას ხელისუფლებიდან და ბუნებრივია, ამას რუსეთი შეეწინააღმდეგება, მაგრამ ჩვენ პროევროპული ძალები გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ "ქართული ოცნება" გავისტუმროთ მშვიდობიანად - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
პარტია "ლელო საქართველოსთვის" საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია უცხოელ კოლეგებთან საქართველოსა და შტატებს შორის სავაჭრო ურთიერთობის გაძლიერებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამისთვის ქვეყანას ყოველგვარი რესურსი და შესაძლებლობა გააჩნია.