სურათები მაქვს - სავარაუდო მკვლელების დასახელების შემდეგ, გინტურის ოჯახს საგამოძიებოდან არავინ დაკავშირებია
საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახს საგამოძიებო უწყებებიდან არავინ დაკავშირებია, არადა გივი გინტურმა აგვისტოს ომის მონაწილის სავარაუდო მკვლელების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გაავრცელა.
გივი გინტური წყაროზე დაყრდნობით ასახელებს ორ გვარს, ესენი არიან ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო.
მოკლულის ოჯახის წევრი ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ყოფილი ე.წ. პრეზიდენტის განცხადებასაც ეხმიანება და ამბობს, რომ ედუარდ კოკოითი ცდილობს, დამნაშავეები დაიცვას:
სანდო წყაროსგან მოვიდა ამბავი, რომ ორი ადამიანია მკვლელი. სურათები მაქვს. კოკოებმა რაც გინდა თქვას, მათ უნდა გაამართლონ თავისი სამხედრო, ჯარი და პოლიცია. მეტს რას იტყვიან, დამნაშავეები არიან და უდანაშაულოდ ხომ არ იგრძნობენ თავს. არიან სამხედრო დამნაშავეები და მოვითხოვ დასჯას. ხელისუფლებიდან არავინ დამკავშირებია, საგამოძიებოდანაც არ იყვნენ მოსულნი. მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი იყო მოსული. არაფერი არ ვიცით, რაც ვნახეთ ვიდეოში ნატყვიარები, ეგ ვიცი. არც ექსპერტიზის დასკვნა არ ვიცი. ჩემი ძმა, როგორც 2008 წლის ომის მონაწილე და არამარტო იგი, მთავრობას სიები აქვს გადაცემული მეომარი ბიჭების. ყველას ეძებენ, ყველა მაგ დღეში ჩავარდება როგორც ჩემი ძმა, იქამდე სანამ პოსტი არ გაკეთდება ჩვენს საზღვარზე - აღნიშნა გივი გინტურმა.
ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ყოფილი ე.წ. პრეზიდენტი, ედუარდ კოკოითი რუსი ოკუპანტების მიერ კირბალში ჯგუფურად მოკლული თამაზ გინტურის ოჯახის მიერ მკვლელობაში ბრალდებულების ვინაობის გავრცელებას აპროტესტებს.
ედუარდ კოკოითი ამბობს, რომ სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლების პირადი ინფორმაცია თბილისელი "პროვოკატორებს" ხელშია.