პრეზიდენტი საკუთარი მოქმედებებით ადასტურებს, რომ ლეგიტიმურობა და აქტუალობა დაკარგული აქვს - ჩიქოვანი
პრეზიდენტი საკუთარი მოქმედებებით ადასტურებს, რომ ლეგიტიმურობა და აქტუალობა დაკარგული აქვს – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი ჩიქოვანი სალომე ზურაბიშვილის მთავრობის ნებართვის გარეშე საფრანგეთში გამგზავრებას.
მისი თქმით, ეს არის კონსტიტუციის დარღვევა.
„პრეზიდენტი ამგვარ ქმედებებს აგრძელებს, რაც, რა თქმა უნდა, სამწუხაროა. კონსტიტუციის პატივისცემა აბსოლუტურად ყველას მოეთხოვება და, მით უმეტეს, პრეზიდენტს. სტატუსზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ასეთი ქმედებები იმაზე მიუთითებს, რომ სალომე ზურაბიშვილს აქტუალობა დაკარგული აქვს და ცდილობს, საკუთარი აქტუალობა შეინარჩუნოს და ამ ყველაფერს ამიტომ აკეთებს. საზოგადოებას უკვე ვაჩვენეთ, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. სალომე ზურაბიშვილის მოქმედებები არაკონსტიტუციურია და ის საკუთარი მოქმედებებით ადასტურებს, რომ ლეგიტიმურობა და აქტუალობა დაკარგული აქვს და მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური რენომეს შენარჩუნების მიზნით მოქმედებს“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
დღეს პრეზიდენტი და პრემიერი პარიზში ერთად აღმოჩნდებიან. საინტერესოა, როგორი იქნება ოცნების პოლიტიკური სვლა ამის შემდეგ და ისევ დაადანაშაულებს თუ არა ღარიბაშვილი ზურაბიშვილს უკვე ევროპიდან ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში.
საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერი ღარიბაშვილი უცხოეთში ვიზიტების შესახებ ისევ არ გააფრთხილა. ღარიბაშვილის ადმინისტრაციაში, "პირველებს" დაუდასტურეს, რომ პრეზიდენტს პარიზში გასამგზავრებლად პრემიერის თანხმობა არ აქვს.