ჩვენ რომ ნორმალური ხელისუფლება გვყავდეს, აგვისტოს ომის ვეტერანს ლომისის ეკლესიიდან გამოასვენებდნენ - ჯაფარიძე

09.11.23 15:05
ჩვენ რომ ნორმალური ხელისუფლება გვყავდეს, აგვისტოს ომის ვეტერანს ლომისის ეკლესიიდან გამოასვენებდნენ - ჯაფარიძე

"ჩვენ რომ გვყავდეს ღირსეული ხელისუფლება დღეს, აგვისტოს ომის ვეტერანს, სწორედ ლომისის ეკლესიიდან გამოასვენებდნენ" - განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სოფო ჯაფარიძემ "დღის ამბებში" გააკეთა და აღნიშნა, რომ რუსეთს საქართველოს მიმართ პროვოკაციები არ შეუწყვიტავს. 

მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლის თქმით, მას რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული 33 წლის ლევან დოთიაშვილის ოჯახის წევრებთან აქტიური კომუნიკაცია აქვს. 

საკრებულოს დეპუტატის თქმით, ოჯახი გატაცებულის მდგომარეობის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს. 

ჩვენ რომ გვყავდეს ღირსეული ხელისუფლება დღეს, აგვისტოს ომის ვეტერანს, სწორედ ლომისის ეკლესიიდან გამოასვენებდნენ. ფაქტი არის ერთი, რომ რუსეთს ჩვენთან ომი, ცეცხლი, პროვოკაციები არ შეუწყვეტია. მოკლეს ადამიანი, მოკლეს სამშობლოს უდიდესი სიყვარულის და რწმენის გამო. ვესაუბრე შვილს, ოჯახს და რა შემიძლია, რომ ვთქვა, გარდა იმისა, რომ ვართ სრულიად დაუცველები. არ და ვერ გავაკეთებ ამ ადგილიდან პოლიტიკურ განცხადებას, მაგრამ მე პირადად, ამ მკვლელობასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა მაქვს და აუცილებლად მოვა ამისი დრო, როდესაც ამ კითხვებს დავუსვამთ უშუალოდ ჩვენს ხელისუფლებას, რომლებიც ასე თავმომწონედ, მშვიდობის მოპოვებაზე და მათ მოპოვებულ მშვიდობაზე გვესაუბრებიან. რომელ მშვიდობაზეა ლაპარაკი, როცა ჩვენს მიწაზე მოქალაქეებს გვიკლავენ.

მე დოთიაშვილის დასთან მაქვს უშუალო კომუნიკაცია, მასთან დიდი ხნის ნაცნობობა მაკავშირებს, ოჯახთან მაქვს კომუნიკაცია და შემიძლია დავადასტურო, რომ მათ არ აქვთ არანაირი ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ზოგადად, არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ, რა მოხდება, როგორ არის ის და ა.შ. - აღნიშნა სოფო ჯაფარიძემ.