"ლაზარე მადლობა" - პერფორმანსი გრიგორიადისის პროცესზე
"ლაზარე მადლობა" - ამ წარწერით ფოტოები მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესზე სამოქალაქო აქტივისტებმა მიიტანეს.
ამ გზით გამოხატეს მადლიერება ლაზარეს მიმართ, რომელიც 7-9 მარტის აქციებში მონაწილეობდა და რუსული კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდა. სასამართლო პროცესზე ლაზარეს სოლიდარობის მიზნით მისულები თვლიან, რომ ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის მიღებაში თავისი წვლილი ლაზარე გრიგორიადისსაც შეტანილი აქვს.
ლაზარეს ხალხის ხმა მივუტანეთ," - წერს გელა ხასაია სოციალურ ქსელში.
აქტივისტები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ ლაზარე პოლიტიკური მართლმსაჯულების სამიზნედ გამიზნულად აირჩია და სწორედ ამ საქმით დაიწყება 7-9 მარტის აქციებში მონაწილეთა მიმართ რეპრესიები.
ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, 7 მარტს ბრალდებულმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. გარდა ამისა, ბრალდების მხარე აცხადებს, რომ გრიგორიადისმა 9 მარტს ჭანტურიას ქუჩაზე ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
სასამართლო სხდომების პარალელურად, მმართველი პარტია გრიგორიადისის დისკრედიტაციას ცდილობდა და ოპოზიციურ პარტიებთან მის კავშირზე მიუთითებდა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ლაზარე გრიგორიადისს რამდენჯერმე უწოდა "ორიენტაციაარეული".
ოჯახის წევრების თქმით, ლაზარე არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ არის დაკავშირებული და ქუჩაშიც მხოლოდ იმის გამო გადიოდა, რომ უსამართლობას ვერ იტანდა.