შოკისმომგვრელია, რომ ბრიუსელი ცდილობს პასუხისმგებლობა რუსეთს გადააბრალოს - ზახაროვა გინტურის მკვლელობაზე
ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობას და დასავლეთის რეაქცია "შოკისმომგვრელია" რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერისთვის. მარია ზახაროვა ამტკიცებს, რომ ევროკავშირი მკვლელობის რუსეთისთვის გადაბრალებას ცდილობს.
ზახაროვა ამბობს იმასაც, რომ "რუსეთი ევროკავშირის ამგვარი პოზიციით გაკვირვებულია".
ჩვენ გაკვირვებულები ვართ ევროკავშირის პოზიციით. მათ იგნორირება გაუკეთეს ოსური მხარის მიერ მოყვანილ აშკარა ფაქტებს და დეტალურ განმარტებებს. ყველაზე შოკისმომგვრელი ის არის, რომ ბრიუსელი ცდილობს მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთს გადააბრალოს. ეს არის პოლიტიზებული და ცალმხრივი, ყალბი შეფასებები," - ამბობს ზახაროვა.
თამაზ გინტური ოკუპანტებმა ომიდან 13 წლის შემდეგ კირბალის ლომისას სალოცავთან, საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. ირკვევა, რომ საქართველოს მოქალაქეს მკვლელობაში ცხრა რუსი ოკუპანტი მონაწილეობდა.
ოკუპანტების სამიზნე გახდა ლევან დოთიაშვილიც, საქართველოს მოქალაქე ამ დრომდე გატაცებულია. ოჯახი დახმარებას ითხოვს, მათთვის უცნობია, როგორია გატაცებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა.