სასტიკი დანაშაულიდან მეოთხე დღეს, "ოცნების" ლიდერები კირბალში ჩავიდნენ
"ქართული ოცნების" ლიდერები კირბალში ჩავიდნენ. ოკუპანტების მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულიდან მხოლოდ მეოთხე დღეს მმართველი გუნდის წევრები გინტურების ოჯახში სამძიმრის გამოსაცხადებლად მივიდნენ.
ირაკლი ზარქუას თქმით, საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და როდესაც სახელმწიფოს შესაძლებლობა ექნება, იქნება რეაგირება და დამნაშავეები დაისჯებიან.
ბუნებრივია ამას აქვს ერთი პასუხი, რომ ჩვენ, როგორც სხვა შემთხვევებში, რეაგირება გვექნება ადეკვატური. მიმდინარეობს გამოძიება. შესაბამის ყველა პლატფორმას გამოვიყენებთ, სადაც ხელი მიგვიწვდება, რომ დამნაშავეები იყვნენ დასჯილნი. ჩვენ რაც შეგვიძლია მაქსიმალურს ვაკეთებთ. მათ შორის, ის დაკავებული ადამიანებისთვის, რომლებიც არიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მგონი, ყველა ვაცნობიერებთ,რომ ჩვენი იურისდიქცია იქ არ ვრცელდება, დამნაშავეები იდენტიფიცირებულები არიან და როცა მიეცემა ჩვენს სახელმწიფოს შესაძლებლობა, იქნება რეაგირება და დამნაშავეები მართლმსაჯულებას ვერ დაემალებიან". - ამბობს ზარქუა.
ბექა დავითულიანის განცხადებით ასეთი ინციდენტები, სამწუხაროდ ხდება და ამის თავიდან აცილებას სოფელში დგარი სათვალთვალო კამერებიც კი ვერ უზრუნველყოფენ
ასეთი ინციდენტები, სამწუხაროდ ხდება. ბოლომდე ამისგან თავს ვერ დავიზღვევთ, იმიტომ, რომ რუსეთის ჯარი დგას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე და დღეს, ჩვენ, სამწუხაროდ იმის ძალა არ გვაქვს, რომ ისინი, როგორც იმსახურებენ ისე გავაძევოთ ამ ქვეყნიდან. სათვალთვალო კამერები დგას სოფელში, მაგრამ ეს ბოლომდე პრევენციას ვერ ახდენს". - ამბობს დავითულიანი.
შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.